როგორც სოზარ სუბარს მაშინ, ახლაც იოსელიანს თავს დაესხნენ ყოფილი ხელისუფლების მიერ მართული აქციის წევრები - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ 7 მარტის აქციაზე ახალარჩეულ ომბუდსმენზე აგრესია არავინ დაგმო.

მისი თქმით, ლევან იოსელიანს თავს დაესხნენ ყოფილი ხელისუფლების მიერ მართული აქციის მონაწილეები.

„იცით რომ ახალარჩეული სახალხო დამცველი იმყოფებოდა მიტინგზე, მის მიმართ იყო აგრესია და დღემდე, ამდენი დღე გავიდა, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამოეხმაურა ამ ფაქტს, თავდასხმას სახალხო დამცველზე და არ დაგმო ის. სამწუხაროდ, არცერთი დიპლომატიური მისია არ გამოეხმაურა ასევე ამ აგრესიას სახალხო დამცველზე.

მე იმედი მაქვს, რომ გამოეხმაირებიან ისინი ამ ფაქტს და დაგმობენ, იმიტომ რომ ჩვენ სახალხო დამცველზე თავდასხმა ვნახეთ ერთხელ, როცა სოზარ სუბარს დაესხა მაშინ ხელისუფლება და ვნახეთ ახლა, როდესაც ლევან იოსელიანს დაესხნენ ყოფილი ხელისუფლების მიერ, მათ შორის, მართული აქციის წარმომადგენლები, “- თქვა შალვა პაპუაშვილმა.

„მონა, მონა„ – ასეთი შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს ახალარჩეულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს აქციის მონაწილეები. ლევან იოსელიანი პარლამენტის დატოვებას ცდილობდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ყოფილი თანაპარტიელი ალეკო ელისაშვილიც.


თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.

მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები.

10 მარტს 12 საათზე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო მეორე კანონპროექტი „უცხოური აგენტების  რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც არ იყო მიღებული პირველი მოსმენით, ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს.