როგორი იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გასულ წელს - ანგარიში

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხი, რამაც გავლენა მოახდინა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტზე.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ქვეყანაში კვლავ დაბალია სხვადასხვა უმცირესობათა უფლებების დაცვის სტანდარტები. განსაკუთრებულ მოწყვლად ჯგუფად რჩება LGBTQI+ ადამიანები, რომელთა უფლებების დაცვისას იკვეთება სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების დარღვევა.

აქვე ნათქვამია, რომ დისკრიმინაციულ პირობებში არიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებიც.

ქვეყანაში საკმაოდ მაღალია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობა.

„მისასალმებელია სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებას. მიუხედავად ზოგიერთი პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებისა, აუცილებელია სამართალდამცავთა და სასამართლოს მხრიდან საკითხზე სათანადო რეაგირება, რათა ქალებმა საქართველოში თავი დაცულად იგრძნონ.

დამატებით აუცილებელია, რომ ოჯახში ძალადობას საზოგადოება არ აღიქვამდეს, როგორც კერძო საკითხს და მსხვერპლებს არ ადანაშაულებდეს, რადგან მსგავსი დამოკიდებულების გამო, ქალებს კიდევ უფრო მეტად ეშინიათ ხმის ამოღების.“

როგორც ანგარიშშია ნათქვამი კითხვებს აჩენს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი, როგორც პატიმრის, პროცესუალური და მატერიალური უფლებები.

აქვე ვკითხულობთ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე, აქტუალურია სისხლის სამართლის სხვა სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას.

ანგარიშში ყურადღება განახვილებულია არსებულ მძიმე მდგომარეობაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში.

„რუსეთის ფედერაციის მცოცავი ოკუპაციით გამოწვეულ უსაფრთხოების პრობლემებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას. ოკუპაციის შედეგად მათ დიდ ნაწილს შეზღუდული აქვს წვდომა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე.“

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტზე ნეგატიურად აისახება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელთა ფარგლებშიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მნიშვნელოვნად ირღვევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს შესაძლოა, ლეგიტიმური მიზნები ჰქონდეს, აუცილებელია, არსებობდეს ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი მექანიზმები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან იყოს აცილებული პირადი ცხოვრების უფლებაში უხეში ჩარევა.“

აქვე ნათქვამია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ქვეყანას აშორებს ევროინტეგრაციისგან და აზიანებს მის საერთაშორისო რეპუტაციას.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.