როიტენი „ოცნებაზე“: პრორუსული მთავრობა, რომელიც რუსეთის პროპაგანდას იმეორებს

პუბლიკა

ჰოლანდიელმა ევროპარლამენტარმა, თიის როიტენმა ევროპარლამენტში დებატებისას, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ, განაცხადა, რომ საქართველოს  მთავრობა პირდაპირ იმეორებს რუსეთის პროპაგანდას.

„პირდაპირ ვთქვათ, რა ხდება – ეს არის პრორუსული მთავრობა, რომელიც იმეორებს რუსეთის პროპაგანდას, რათა დაიცვას რუსული კანონი. ქართველმა ხალხმა ეს რაუნდი მოიგო, მაგრამ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატობა სურს, მშვენიერია, ეს სურთ ქართველებსაც, ეს მსურს მეც, მაგრამ არ შეგეშალოთ პრემიერ-მინისტრო, თუ ყოფილ პრეზიდენტს მოკლავთ, არ იქნება ევროკავშირის კანდიდატობა; თუ მიიღებთ უცხოური აგენტის კანონს, არ იქნება კანდიდატობა; თუ გაანადგურებთ დემოკრატიას, არ იქნება კანდიდატობა.

დემოკრატიის მხარდამჭერი დემონსტრანტები არ არიან ექსტრემისტები, სატანისტები ან ლიბერალ-ფაშისტები მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მიერ ძალაუფლების მიტაცებას ეწინააღმდეგებიან. არავის სურს, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. შეწყვიტეთ ეს პუტინისტური დემონიზაცია და მიაღწიეთ რეალურ პროგრესს 12 რეკომენდაციაზე”, – თქვა მან. ევროპარლამენტარის გამოსვლის თარგმანი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეკუთვნის.


თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.

მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები.

10 მარტს 12 საათზე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო მეორე კანონპროექტი „უცხოური აგენტების  რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც არ იყო მიღებული პირველი მოსმენით, ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს.