რომ არა „პრევენციული დარტყმა“, უკრაინელები ბელარუსის ძალებს თავს დაესხმებოდნენ - ლუკაშენკა

პუბლიკა

ბელარუსის პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, რომ არა რუსეთის „პრევენციული დარტყმა“ უკრაინელები დონბასზე შეტევასთან ერთად ბელარუსზე თავდასხმასაც გეგმავდნენ. ამის შესახებ ლუკაშენკამ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, პუტინთან რუკაც კი ჩაიტანა, რომელზეც „უკრაინელების თავდასხმის გეგმაა ასახული“.

„ოპერაციამდე ექვსი საათით ადრე ოთხ პოზიციაზე პრევენციული დარტყმა რომ არ განხორციელებულიყო, მე გაჩვენებთ, რუკა ჩამოვიტანე, ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს, რომლებიც წვრთნებზე იმყოფებოდნენ. ამიტომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი და სინდისი სუფთა გვაქვს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ასევე, ლუკაშენკას მტკიცებით, უცხოელი დაქირავებული მებრძოლები ცდილობენ ჩერნობილის სადგურთან მიახლოებას, რითაც სურთ, რომ, ერთი მხრივ, გზა გადაუჭრან რუსულ არმიას, მეორე მხრივ კი, არ კარგავენ იმედს, რომ იქ დაპირისპირებაში ჩაითრევენ ბელარუსსაც.

ლუკაშენკამ დადებითად შეაფასა უკრაინაში შეჭრა და განაცხადა, რომ ახლა გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა, ეკონომიკური გადმოსახედიდან კი ხალხი ნახევარ ან ერთ წელიწადში დაივიწყებს მომხდარს.