საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას ეხმაურება.
მაიკლ გალერიმ გუშინ, 4 აპრილს განაცხადა, რომ საქართველომ მკაფიოდ უნდა თქვას, ვის მხარესაა, უკრაინისა და ევროკავშირის გვერდით თუ ფარულად ეხმარება პუტინს.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით უკრაინის გვერდით დგას და ამ ფონზე მსგავსი შეკითხვის დასმა არალოგიკურია.
„ყველა მიმართულებით, როცა საქმე ეხებოდა პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ჩვენ ბოლომდე ვიდექით და ვდგავართ უკრაინის გვერდით, მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არასწორი ნაბიჯებისა.
როდესაც სახელმწიფო უერთდება გაეროს ხისტ რეზოლუციას, როგორც თანასპონსორი; როდესაც მხარს უჭერს გადაწყვეტილებას რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის თაობაზე; როდესაც მხარს უჭერს ყველა დოკუმენტს ეუთოში; როდესაც უერთდება სისხლის სამართლის საჩივარს ჰააგის სასამართლოში და როდესაც ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით არის სრულად ხელგაშლილი, ასეთ დროს ასეთი შეკითხვის დასმა, ბუნებრივია, ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია.
ჩვენ ქმედებებით, არა მარტო განცხადებებით, ვადასტურებთ ჩვენს თანადგომას უკრაინის მიმართ და ჩვენს დასავლურ კურსს“, – განაცხადა კობახიძემ.
„საქართველოს მთავრობისგან მკაფიო განცხადება გვჭირდება, თუ რომელ მხარეს არიან ისინი: დგანან უკრაინისა და ევროკავშირის გვერდით, თუ ფარულად ეხმარებიან პუტინის რეჟიმს. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენთან არიან. ვიმედოვნებ, უკრაინის დაზვერვის ბრალდება, საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით მცდარია“, – წერს ტვიტერზე გერმანელი ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.
როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.