რომელი საერთაშორისო ავიაკომპანიები დაფრინავენ რუსეთში

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულების მიხედვით,  რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ფორმით მოხდება რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა. პუტინის განკარგულება რუსული კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ეხება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით კი, „საქართველოში არ იოპერირებს არცერთი კომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული“. ქვრივიშვილის განცხადებამ გააჩინა მოლოდინი, რომ ფრენები შესაძლოა, საერთაშორისო ავიაკომპანიებმა შეასრულონ, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია ფრენების განმხორციელებელ კომპანიებზე არ გავრცელებულა.

გაითვალისწინა რა საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, „პუბლიკამ“ მოიძია იმ საერთაშორისო ავიაკომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთთან ჯერ კიდევ თანამშრომლობენ.

არაერთმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ უარი განაცხადა რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობაზე, თუმცა, Simpleflying.com-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყოველთვიურად რუსეთში 3500 საერთაშორისო თვითმფრინავი ჩადის.

მთლიანობაში, რუსეთში 30 საერთაშორისო ავიაკომპანია დაფრინავს, რომელიც 620 000 ადგილს აერთიანებს.

გთავაზობთ ავიაკომპანიების ჩამონათვალს:

  1. Turkish Airlines – თურქეთი
  2. Uzbekistan Airways – უზბეკეთი
  3. Belavia – ბელორუსია
  4. Flydubai -არაბთა გაერთიანებული საამიროები
  5. Avia Traffic Company – ყირგიზეთი
  6. Pegasus – თურქეთი
  7. Somon Air – ტაჯიკეთი
  8. Emirates – არაბთა გაერთიანებული საამიროები
  9. Aircompany Armenia- სომხეთი
  10. Qazaq Air – ყაზახეთი
  11. Nouvelair Tunisie – ტუნისი
  12. Azerbaijan Hava Yollary – აზერბაიჯანი
  13. Air Serbia – სერბეთი
  14. Air Arabia – არაბთა გაერთიანებული საამიროები
  15. Etihad Airways – არაბთა გაერთიანებული საამიროები
  16. El Al – ისრაელი
  17. Egyptair – ეგვიპტე
  18. Qatar Airways – კატარი
  19. QANOT SHARQ – უზბეკეთი
  20. Gulf Air – ბაჰრეინი
  21. Mahan Air – ირანი
  22. Turkmenistan Airlines – თურქმენეთი
  23. CONVIASA – ვენესუელა
  24. Iraqi Airways – ერაყი
  25. Air China – ჩინეთი
  26. Air Algerie – ალჟირი
  27. Ariana Afghan Airlines – ავღანეთი
  28. Hunnu Air – მონღოლეთი
  29. Alia – The Royal Jordanian Airlines – იორდანია
  30. Sichuan Airlines – ჩინეთი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „საქართველოში ოპერირებას ვერ შეძლებს ვერცერთი კომპანია და ვერცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებსა და ხომალდებს, მათ, რა თქმა უნდა, არ ექნებათ შეზღუდვა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე“.

რამდენი რუსული ავიაკომპანიაა სანქციების ქვეშ?

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა მიიღო რიგი სანქციები, რომლებიც რუსულ ან რუსეთის მიერ მართულ თვითმფრინავებსა და ავიაკომპანიებს უკრძალავს ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთას. (EU) 833/2014 რეგულაციის მიხედვით, ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა ეკრძალება ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავს, რომელიც რუსული ავიაკომპანიების მფლობელობაშია, მათ შორის, კოდის გაზიარების ხელშეკრულების მქონე ავიაკომპანიებს, ნებისმიერი რუსეთში დარეგისტრირებული თვითმფრინავს, ისეთ თვითმფრინავებს, რომლებიც არ არის რუსეთში რეგისტრირებული, თუმცა არის რუსეთის იურიდიული ან ფიზიკური პირის ან ერთეულის მფლობელობაში.

სანქციები ასევე ეხება იმ ადამიანების მფლობელობაში მყოფ ავიაკომპანიებსა ან თვითმფრინავებს, რომლებსაც რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ავარიული დაშვებისა და ავარიული გადაფრენის შემთხვევაში.

ევროკავშირის საჰაერო სივრცეში აფრენა ან დაჯდომა ნებადართულია მხოლოდ იმ თვითმფრინავებისთვის, რომლებიც არ არის ოპერირებული რუსული ავიაკომპანიის მიერ.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, 26 და 27 თებერვალს ისლანდიამ შემოიტანა სრული აკრძალვა რუსულ ფრენებზე მის საჰაერო სივრცეში. იგივე გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიამ, ბელგიამ, დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, სლოვენიამ და შვედეთმა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვხურავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთისთვის. ჩვენ შემოგვაქვს აკრძალვა რუსეთის საკუთრებაში მყოფ, რუსეთში რეგისტრირებულ ან რუსეთის მიერ კონტროლირებულ თვითმფრინავებზე“, – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ვონ დერ ლეიენის განცხადებაში.

რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან გაუქმდება. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე აკრძალვის მოხსნას, უკვე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება საქართველოში ფრენის აკრძალვის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა.

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ რუსულ მედიას განუცხადა.

2000 წელს საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა დსთ-ის ქვეყნებიდან, რომელსაც რუსეთმა სავიზო რეჟიმი დაუწესა. 2006 წელს რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართული პროდუქციის იმპორტზე, შეწყდა, საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის. იმავე წლის ზამთარში რუსეთმა საქართველოს მოულოდნელად შეუწყვიტა გაზის მიწოდება.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 2012 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა.

2019 წელს, პუტინის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შეწყდა – როდესაც დიდი სახალხო პროტესტი მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და სესიის რუსულ ენაზე ჩატარებას.

რა მოხდება, თუ საქართველოში რუსული სანქცირებული ავიაკომპანიები დაიწყებენ ფრენას?

ექსპერტების შეფასებით, საქართველოში რუსული სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენის დაშვება უკიდურესად ნეგატიურ გავლენას მოახდენს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი წითელი ხაზი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის.

ასევე ნებისმიერი კომპანია, რომელიც სერვისს გაუწევს რუსულ სანქცირებულ კომპანიებს, მოხვდება სანქციების რისკის ქვეშ.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსული სანქცირებული ავიაკომპანიებისთვის ცის დათმობა, იქნება ის წითელი ხაზი, რომელიც, დიდი ალბათობით, განაპირობებს უარყოფით გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, – ამბობს გიგი გიგიაძე.