ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები უკვე ჩამოეწერათ.
„დაზარალებული მეწარმეების მიერ შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა.
ამასთან შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვება”, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე ხანძარი 30 აპრილს დილით გაჩნდა – დაიწვა დაახლოებით 15 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო და სასაწყობე ობიექტები.