ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - დაშავებული არავინაა

პუბლიკა

თბილისში, „ვაგზლის ბაზრობის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე სახანძრო – სამაშველო ბრიგადები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მობილიზებულია პოლიციაც.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით დილის 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.

სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განაცხადებით, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.

მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.

ხანძრის გამო განცხადება გაავრცელა კლინიკა „ჰელსიკორის“ ადმინისტრაციამ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში და არიან უსაფრთხოდ“.

მათივე განცხადებით, კლინიკაში დღეისთვის დაგეგმილი გეგმური პროცედურები არ ჩატარდება.

„ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორის, არჩილ ხანთაძის განცხადებით, ხანძრის გამო ჟანგბადის ქარხანას შეექმნა პრობლემა, რის გამოც 93 პაციენტი გადაიყვანეს ინგოროყვაში, „პინეოსა“ და ალადაშვილში.

„დღეს, 06:30-ზე შემოვიდა ზარი, რომ „ბორჯომის ვაგზლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი. იმ დროისთვის კლინიკაში იმყოფებოდა 93 პაციენტი. პრობლემა შეექმნა ჩვენი ჟანგბადის ქარხანას, ჟანგბადს, გენერატორებს, ამიტომ მოგვიწია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში. ყველა პაციენტი ოპერატიულად გადავიყვანეთ. ჯანდაცვის მინისტრიც ჩვენთან ერთად არის. მადლობა 112-ს, შსს-ს. 1 საათში მოხდა ყველა პაციენტის გადაყვანა ინგოროყვაში, „პინეოში“ და ალადაშვილის კლინიკაში. ყველა პაციენტი კარგად არის, არავის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე. ზოგი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მათი გადაყვანა მოხდა რეანიმობილით, დანარჩენი სასწრაფოს მანქანით გადავიყვანეთ“, – განაცხადა ხანთაძემ.

განცხადება გაავრცელა „თოდუას კლინიკამაც”. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე.

ე.წ. „ვაგზლის ბაზრობის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული.

„თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით. ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ „თოდუას კლინიკის“ დიღმის და ვერის ფილიალები”, – ნათქვამია განცხადებაში.