რთულია გაგება, რატომ ცდილობს ზოგი პოლიტიკოსი, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ  მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის, ასეთ კრიტიკულ დროს, განხეთქილებისა და დაპირისპირების შექმნას ამგვარი მონდომებით.

„რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ“, – აცხადებს კელი დეგნანი.

ეერთებული შტატების ელჩის თქმით, საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან ქვეყნის დაშორების ნებისმიერი მცდელობა ემსახურება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს.

ელჩის თქმით, ბოლო 21 წლის განმავლობაში შტატებმა საქართველოს $6 მილიარდზე მეტი დახმარება გაუწია.

„ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა მოამზადა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი, რათა მათ უკეთ შეძლონ ქვეყნის საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას“, – ამბობს ელჩი.

წელს, შეერთებული შტატები და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელს აღნიშნავს. ელჩი დეგნანი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებს და 30 წლის განმავლობაში, ამ ურთიერთობაში ჩადებულ გულმოდგინე შრომას ეფუძნება.

მისვე თქმით, ქართველი ხალხის მხრიდან, მომავლის ხედვა არ შეცვლილა.

„წელს მთელ ქვეყანაში ვიმოგზაურე და ყველგან, სადაც მივდივარ, ხალხს, ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, უფრო მჭიდრო კავშირები სურთ და შეერთებულ შტატებთან უფრო ღრმა თანამშრომლობა აქვთ“, – აცხადებს ელჩი.

„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და როგორ არის შესაძლებელი, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს, ელჩმა თქვა, რომ ფოკუსი მნიშვნელოვან საკითხებზე შენარჩუნდება.

„ჩვენ ვრჩებით ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია – საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. ყველა მხარე, რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს [მოლაპარაკების] მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით და საქართველოს სახელით, რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოში მიმდინარე ანტიამერიკულ კამპანიას, ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტი და სენატორები გამოეხმაურნენ. რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა თქვა, რომ ელჩ დეგნანსა და საელჩოს მთელ გუნდზე თავდასხმები უნდა შეწყდეს.

დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კი თქვა, რომ დეზინფორმაცია და გავლენის სხვა ოპერაციები, რუსული სახელმძღვანელოთი წარმოებული უკვე გამოცდილი მეთოდია. მან საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდა, იყვნენ წამყვანი ძალა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში უნდობლობის დათესვის მცდელობებს შეაჩერებს.