N8 პენიტენციური დაწესებულების დაკავებულ თანამშრომლებს, რომლებიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან ხორავამ გამოაცხადა.
გიორგი რურუაზე თავდასხმის საქმეზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ. 16 დეკემბერს დააკავა.
უწყების ცნობით, გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში 2020 წლის 16 ნოემბერს დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ. რ.-ს ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2 ნოემბერს, გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ. მიაყენეს დაზიანებები, სახეზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები. მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესახა. იმ დღესვე, პენიტენციური სამსახურმა რურუაზე თავდასხმის კადრები გაავრცელა.
რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.