რურუაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულია პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი | სამინისტრო

პუბლიკა

გიორგი რურუაზე თავდასხმის საქმეზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ. დააკავა – ამის შესახებ ინფორმაციას  იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში 2020 წლის 16 ნოემბერს დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ. რ.-ს ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

„შესაბამისად, 2020 წლის 16 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ №8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები:  შ. მ. და ლ. გ.“, – აცხადებს სამინისტრო.

აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.


2 ნოემბერს, გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ. მიაყენეს დაზიანებები,  სახეზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები. მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესახა. იმ დღესვე, პენიტენციური სამსახურმა რურუაზე თავდასხმის კადრები გაავრცელა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.