რუსეთი აწარმოებს ღია აგრესიას და ომს უკრაინის ტერიტორიაზე - მდინარაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია თავის  მავნებლურ კამპანიას რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს.“

მისი თქმით, აბსოლუტურად უსაფუძვლო და შეგნებულად შექმნილი აჟიოტაჟია იმის შესახებ, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების განსაკუთრებული მიგრაცია შეინიშნება.

მამუკა მდინარაძის თქმით, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის დროს შესაბამისი უწყებები აზღვევენ ყოველგვარ თეორიულ რისკსაც კი და შემოშვების შესახებ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, კომპეტენციის შესაბამისად, იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას.

„რადიკალური ოპოზიციის ყველა სპიკერსა და პარტაქტივის თითოეულ წარმომადგენელს დავალებული აქვს, ნებისმიერი შესაძლებლობისას, რაც შეიძლება მეტჯერ გაიმეოროს, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ხელისუფლება.

კამპანია წარმოებს როგორც ქვეყნის, ასევე (რაც კიდევ უფრო ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი და ამორალურია), საქართველოს ფარგლებს გარეთ.  როგორც ჩანს, მათ მართლაც ჰყავთ დაქირავებული ლობისტები ამ მიზნის მისაღწევად და გავრცელებული ინფორმაციაც ამასვე ადასტურებს“, – განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა, მიდის კამპანია იმის შესახებ, თითქოს ომის დროს რუსეთთან წარმოებს მოლაპარაკებები კონკრეტულ ახალ საკითხებზე სავაჭრო სფეროში, რაც ასევე, მისივე სიტყვებით, მდარე ფეიკია.

„ასევე, დაფიქსირდა ცრუ ინფორმაციებიც იმის შესახებ, თითქოს ხდება ქართული სამხედრო ძალების ცალკეული დანაყოფების დისლოკაციის ადგილის შეცვლა, გადაადგილება და ა.შ. თუმცა ამ ფეიკის მხარდაჭერას ისეთივე ღია ფორმებით, როგორსაც წინა შემთხვევებში, ვერ ბედავენ.

გარდა იმისა, რომ საინფორმაციო ომის შემადგენელ ელემენტებად  რამდენიმე მიმართულების კამპანია აქვთ გაშლილი ქვეყნის შიგნით და გარეთ, ალბათ, შეამჩნევდით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კამპანიას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ და სხვა კამპანიების პარალელურად, სამწუხაროდ,  ოკუპანტთან ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად იცლიან ე. წ. „ლაივვიდეოების“ ჩასაწერად და განცხადებების გასაკეთებლად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რის მიზეზებზეც ერთხელ უკვე ვისაუბრეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე თქვა, რომ ერთი მხრივ რუსეთი აწარმოებს ღია აგრესიას და ომს უკრაინის ტერიტორიაზე, არღვევს აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ნორმას, იხოცებიან ადამიანები და საქართველოც, რომლის ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირებულია იმავე სახელმწიფოს მიერ, დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე.

„მეორე მხრივ ჩვენმა ქვეყანამ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ამ ფონზე მსგავსი მასშტაბის საინფორმაციო ომის წარმოება ქვეყნის შიგნით და გარეთ, დიდი რაოდენობის თანხების ხარჯვა და კამპანიის ლობირება საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ, არის ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მაგალითი, “- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.