საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ღია ცის“ ხელშეკრულებაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება, რომელშიც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენის დაშვებას სთანხმდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის მიუხედავად, რუსეთი არ აპირებს თავისი პოლიტიკური მიზნების შეცვლას და „ღია ცის“ ხელშეკრულებას ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციას ცდილობს.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება, დაუშვას „ღია ცის“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები ზემოხსენებულ 10-კილომეტრიან ზონებში, არ წარმოადგენს სიახლეს. აღნიშნული პოზიცია მათი მხრიდან 2 წლის წინაც გაჟღერდა, რომლის მიხედვითაც, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი პოლიტიკური მიზნების შეცვლას.
ხელშეკრულების იმ მუხლებზე დაყრდნობით, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს და დაინტერესებულ მხარეებთან (ე.წ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ქვეყნები“) კონსულტაციებზე მითითებით, რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაცია კვლავ რჩება მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ამოცანად“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების განცხადებით, „ღია ცის“ ხელშეკრულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება რუსეთმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, როცა აკრძალა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან 10 კმ მანძილზე სადამკვირვებლო ფრენა. რუსეთი აცხადებდა, რომ ეს ე.წ. ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები და შესაბამისად, მათთან მიმართებით მოქმედებს შეთანხმებით განსაზღვრული განსხვავებული რეჟიმი.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, საქართველო 2 წელი უშედეგოდ ცდილობდა, დაერწმუნებინა საერთაშორისო პარტნიორები, დაეყოლიებინათ რუსეთი, უარი ეთქვა ამ მიდგომაზე. უშედეგო მცდელობის შემდეგ, 2012 წელს საქართველომ დატოვა „ღია ცის“ ხელშეკრულება და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
„რუსეთის საგარეო უწყების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, რომ შეასრულონ „ღია ცის“ ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება, ვინაიდან თავად რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ტექნიკური შეთანხმების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.
ამ განცხადებებით, რუსეთი ცდილობს ბრალი დასდოს სხვა ქვეყნებს, რათა გადაფაროს ხელშეკრულების მის მიერვე დარღვევა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.