რუსეთი მოსახლეობას აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში რისკების შესახებ აფრთხილებს

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუს მოსახლეობას აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში რისკების შესახებ აფრთხილებს.

საქმე ეხება აფხაზეთში მცხოვრები პირის, ედგარ აბახუას ციხიდან გათავისუფლებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბახუამ 2019 წელს რუს ტურისტს სცემა, გააუპატიურა და გაძარცვა.

ედგარ აბახუა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უზენაესმა სასამართლომ გაათავისუფლა. შედეგად, მიმდინარე წლის 2 თებერვალს მან საპატიმრო დატოვა. რუსეთი აცხადებს, რომ „სასამართლოს” ამ გადაწყვეტილებით „გაკვირვებულია”.

ამასთან, რუსული უწყების მტკიცებით, აბახუას საქმე რეზონანსული და გახმაურებულია, მისი გათავისუფლება კი „მოწმობს აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების მიმართ“.

შესაბამისად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ედგარ აბახუას გათავისუფლება რისკის შემცველია აფხაზეთის კურორტებზე ჩასული დამსვენებელთათვის, რის გამოც, „იძულებულნი არიან, გააფრთხილონ თანამემამულეები”.