ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ სუსის დღევანდელი განცხადება „ნაკარნახევია რუსეთიდან”. მამულაშვილის გვარი დღეს სუსმა ახსენა, როგორც „სახელმწიფო გადატრიალების გეგმის” ერთ-ერთი ავტორი. მამულაშვილი სუსმა ასევე მოიხსენია, როგორც „სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი”.
მამულაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში თქვა, რომ სუსის განცხადებას უკრაინაში ლეგიონის საქმიანობას უკავშირებს და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასე მათ დისკრედიტაციას ცდილობს.
„ეს არის პირდაპირ ნაკარნახევი რუსეთიდან და დაკავშირებულია, პირველ რიგში, ჩვენს საქმიანობასთან – ლეგიონი გახლავთ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინაში და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი „შემაწუხებული“ ფაქტორია, რადგან ძალიან ბევრი რუსი კვდება ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით. მე არ მინდა, რომ ეს ყველაფერი მიმართული და განზრახული იყოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩამოდიან საკუთარი ოჯახების სანახავად.
როგორც იცით, რუსეთში ქართული ლეგიონის წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდა. რუსეთმა ამ ადამიანებს სხვადასხვა მუხლი მიუსაჯა. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდის. ასე რომ, მგონია, ეს არის სუფთად რუსული ხელწერა, საქართველოს რუსული ხელისუფლება გააქტიურდა და ამით ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ცდილობს“, – განაცხადა მამულაშვილმა „ფორმულასთან” ინტერვიუში.
სუსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ იგეგმება სახელმწიფო გადატრიალება ოქტომბერ-დეკემბერში, რომლის მიზანიც არის ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი გზით. სუსის მტკიცებით, „გადატრიალების გეგმას” აფინანსებენ უცხო ქვეყნები და ასრულებენ როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები, ასევე ფარგლებს გარეთ. სუსის განცხადებაში გეგმის ავტორებად რამდენიმე ადამიანი იყო მოხსენიებული, მათ შორის, საუბარი იყო, მამუკა მამულაშვილზე.