რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ უკრაინამ მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის ოლქებში მდებარე აეროდრომებზე დრონებით იერიში მიიტანა.
უწყება ამტკიცებს, რომ „ივანოვოს, რიაზანისა და ამურის ოლქების სამხედრო აეროდრომებზე ყველა ტერორისტული თავდასხმა მოგერიებულია”.
„დღეს კიევის რეჟიმმა მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის ოლქებში მდებარე აეროდრომების წინააღმდეგ FPV დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა განახორციელა.
ივანოვოს, რიაზანისა და ამურის ოლქების სამხედრო აეროდრომებზე ყველა ტერორისტული თავდასხმა მოგერიებულია;
მურმანსკის და ირკუტსკის ოლქებში, აეროდრომების უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიიდან FPV დრონების გაშვების შედეგად, რამდენიმე ერთეულ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა;
ცეცხლი ჩამქრალია. სამხედრო და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ არის;
ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილე ზოგიერთი პირი დაკავებულია”, – წერია განცხადებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსულ აეროდრომზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა.
Українська правда-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაზიანდა ან განადგურდა 40-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები Tu-95 და Tu-22M3, ასევე ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის საჰაერო ხომალდი А-50.
უკრაინული მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო ოპერაციის კოდური სახელია „ობობის ქსელი”. Unian-ის ინფორმაციით, ამ სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაზე უკრაინის დაზვერვა 1.5 წელი მუშაობდა.
ოპერაციის დეტალების შესახებ უკრაინული მედია Pravda.ua წერს. მედიის ინფორმაციით, ოპერაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკონტროლებდა, ხოლო გეგმას SBU-ს ხელმძღვანელი, ვასილ მალიუკი ახორციელებდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ინფორმაციით, რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის, დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნიკა დაზიანდა.
მათივე ცნობით, იერიშის შედეგად განადგურდა რუსეთის საკვანძო ავიაბაზებზე მყოფი სტრატეგიული ფრთოსანი სარაკეტო მატარებლების 34%.
„ამ ისტორიული სპეცოპერაციის მონაწილე ადამიანები უკვე დიდი ხანია უკრაინაში იმყოფებიან. ამიტომ, თუ პუტინის რეჟიმი საჩვენებლად ვინმეს დააკავებს, ეს იქნება მორიგი, შიდა აუდიტორიისთვის გათამაშებული სპექტაკლი” – თქვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.