14-15 მაისს თურქეთში გამართულ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ რუსეთმა 13 მაისს ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რათა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დაეცვა – მისი თქმით, ეს ნათელი მაგალითია იმის, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს სრულიად NATO-სთვის.
ცაჰკნას ცნობით, 13 მაისის საღამოს ესტონეთი ინსპექტირებას ახორციელებდა „ჩრდილოვანი ფლოტის“ იმ ხომალდზე, რომელიც ესტონეთის ეკონომიკურ ზონაში გადაადგილდებოდა – ის აღნიშნავს, რომ ეს იყო „Argent/Jaguar”, რომელიც სანქცირებულია ბრიტანეთის მიერ.
„რუსეთმა იმოქმედა უკიდურესად აგრესიულად და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს მოაყოლა გამანადგურებელი, რომელმაც დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. ეს შემთხვევა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის დამადასტურებლად, რომ რუსეთი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინაში მისი სამხედრო მოქმედებებით, არამედ უფრო მასშტაბურ დონეზე“, – განაცხადა ცაჰკნამ.
მან აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება – მისი თქმით, თავდაცვის ხარჯების შესახებ ახალი და ამბიციური მიზანი NATO-ს ივნისის სამიტზე უკვე უნდა შეთანხმდნენ, რადგან მხოლოდ თავდაცვაში გაზრდილი ინვესტიციით იქნება შესაძლებელი, რომ მოკავშირეებმა არსებული ხარვეზები გამოასწორონ და რუსეთზე გააძლიერონ ზეწოლა. ცაჰკნამ აქვე მიუთითა, რომ ესტონეთი იქნება მაგალითი მოკავშირეებისთვის და მომავალ წელს თავდაცვის ხარჯებს ქვეყნის მშპ-ს 5,4%-მდე გაზრდის.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერება მოკავშირეებს შორის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის განმტკიცების თვალსაზრისით.