რუსეთის მავნე გავლენისა და კორუფციის მიზეზით, აშშ-მა მოლდოვაში 9 პირს სანქციები დაუწესა

პუბლიკა

მოლდოვაში რუსეთის მავნე გავლენისა და სისტემური კორუფციის მიზეზით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 9 ფიზიკურ პირსა და 12 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) განცხადებით, ორგანიზაციებისა და პირების სია, ვინც სანქცირებულთა სიაში მოხვდა, მოიცავს ოლიგარქებს, ვინც ფართოდაა ცნობილი იმით, რომ მოიპოვა კონტროლი და ჩართო კორუფციაში მოლდოვის პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტები.

ასევე მოხვდნენ ის ორგანიზაციები და პირები, ვინც წარმოადგენდნენ ინსტრუმენტებს რუსეთის მიერ გავლენის მოსაპოვებლად წარმოებული გლობალური კამპანიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-სა და მისი მოკავშირეებისა თუ პარტნიორების, მათ შორის, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ მოქმედებას.

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა ვლადიმერ პლაჰოტნიუკი, მოლდოვის მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც OFAC-ის მიხედვით, ჩართული იყო სახელმწიფოს მიტაცებაში, მოლდოვის მთავრობაზე კონტროლისა და მანიპულირების გზით, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებზე, საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემაზე.

რუსეთის მიერ მოლდოვისთვის ძირგამომთხრელ მოქმედებებში ჩართვისთვის დაუწესდა სანქციები მოლდოველ პოლიტიკოსს ილან შორს, რომელიც რუსებთან შეთანხმებით, მოქმედებდა მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს წინააღმდეგ. სანქციები დაუწესდა მის ცოლსაც, სარა შორსაც, რომელიც პუტინმა რუსეთის დამსახურებულ არტისტად აღიარა.

პლოჰოტნიუკსა და შორთან ერთად სანქცირებულთა სიაში არიან სხვა ის პირებიც, ვინც OFAC-ის მიხედვით, რუსეთთან შეთანხმებით მოლდოვის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ.