რუსეთის მიერ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში, ვენსი უკრაინის ჯარით დახმარებაზე საუბრობს

პუბლიკა

იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი რუსეთის წინააღმდეგ პოტენციურ სანქციებსა და უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე საუბრობს. ამის შესახებ მან გამოცემა Wall Street Journal-თან ისაუბრა პოტენციურ შეთანხმებაზე დონალდ ტრამპის განცხადებებიდან რამდენიმე საათში.

ვენსი ამბობს:

„არსებობს ეკონომიკური ბერკეტები და რა თქმა უნდა, არსებობს სამხედრო ბერკეტები”

მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების შედეგად ისეთ შეთანხმებას მიაღწევენ, რაც „ბევრ ადამიანს შოკირებულს დატოვებს”.

უკრაინაზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ადრეა იმაზე ლაპარაკი, უკრაინის ტერიტორიების რა ნაწილი დარჩება რუსეთის ხელში და რა შესაძლო უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება შეუძლიათ აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებს კიევისთვის – მისი თქმით, ეს დეტალები სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა დაზუსტდეს.

„არსებობს არაერთი ფორმულა და კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ გვაღელვებს, რომ უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა”, – თქვა მან.

WSJ-სთან ვენსი ამბობს იმასაც, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, პუტინი დაარწმუნოს, რომ რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან ბევრად მეტის მიღწევას შეძლებს, ვიდრე ბრძოლის ველზე.

ვენსი პარასკევს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა – როგორც თავად ამბობს, ევროპელ ლიდერებს ეტყვის, რომ ისინი თავისუფალ სიტყვას და დემოკრატიას ზღუდავენ, როდესაც პოპულისტურ პარტიებთან არ თანამშრომლობენ.

12 თებერვალს დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრები გამართა როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მან თქვა, რომ პუტინთან შეთანხმდა „მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ” დაწყებაზე. გუშინ მან განაცხადა, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები პარასკევს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდებიან, რათა მოლაპარაკებები გაიმართოს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინის გარეშე მიღებულ შეთანხმებას არ მიიღებს.