რუსეთის მოქალაქეები შემოდიოდნენ ყოველთვის და ახლა დავკეტოთ, დღეს? - გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ლარსის გამშვები პუნქტდან გუშინწინ დაახლოებით 11 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, გუშინ კი დაახლოებით 10 000-ზე მეტი. „ხვალ და ზეგ შეიძლება უფრო გაიზარდოს კიდევ, არ ვიცი”, – დასძენს ის.

როგორც მან აღნიშნა, გამტარობა „პიკზეა” მისული და დანაყოფების მუშაობა გაძლიერებულია. ის შეკითხვას, რა ხედვა/პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას გაზრდილ ნაკადებთან დაკავშირებით, რიტორიკული კითხვითვე პასუხობს:

„ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები, მოდიოდნენ, წლებია დადიოდნენ, წლებია დადიან საქართველოში, დღეს უნდა გახდეს ეს რაღაც პრობლემატური?

უარესი მასშტაბით იყო და ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და თითო ბოთლ ღვინოს ურიგებდა რუსებს და ეუბნებოდა, შემობრძანდით, ხალხო თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია…

რუსეთის მოქალაქეები შემოდიოდნენ ყოველთვის და ახლა დავკეტოთ, დღეს?… შემოდიოდნენ და შემოვლენ.

ახლა უკვე ვიტყოდი, რომ თითქმის პიკზეა მისული, უკვე რთულია, რიგები დგას უკვე ჩვენ მხარეზეც. გამტარობა ჩვენი არ არის 10 და 20-გეითიანი, ახლაც უკვე გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვაქვს დანაყოფები, რათა მაქსიმალურად გავფილტროთ რომ ვინმე არ შემოგვეპაროს, მათ შორის გვეხმარება უსაფრთხოების სამსახური. პიკზე ვართ, ამაზე მეტი აღარ მგონია, რომ გაიზარდოს, ვერ გავატარებთ ფიზიკურად”, – აღნიშნა გომელაურმა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile