რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან მოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და ქვეყნიდან გააძევებენ

პუბლიკა

რუსეთის მოქალაქე ალექსანდერ პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და შეუფარდა 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება.

რუსეთის მოქალაქე სამართალდამრღვევად 2 მუხლით ცნეს:

166-ე მუხლის პირველი ნაწილი – წვრილმანი ხულიგნობა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა იმგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ სიმშვიდეს. ითვალისწინებს 300-დან 5000 ლარამდე ჯარიმას, ან 20 დღემდე პატიმრობას, უცხოელის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.

166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი – სექსუალური შევიწროება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასასურველი ხასიათის სექსუალური ქცევა, რაც იწვევს ღირსების შელახვას ან ამას ისახავს მიზნად, ქმნის დამაშინებელ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ გარემოს. ითვალისწინებს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

„ნეტგაზეთის“ ცნობით, პოპოვს საქართველოდან 3 წლით გააძევებენ მას შემდეგ, რაც 15-დღიან ადმინისტრაციულ სასჯელს მოიხდის.

მას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. თუმცა პოპოვს ადვოკატი არ ჰყოლია, ამიტომ უცნობია, ისარგებლებს თუ არა ის ამ უფლებით.

„ნეტგაზეთის“ თანახმად, ალექსანდერ პოპოვს საქართველოში ბინა აქვს ნაყიდი და პროცესზე ითხოვდა, მისი რემონტის დასრულებისა და საქართველოში ცხოვრების უფლება მიეცათ.

„ვწუხვარ, რაც ჩავიდინე და, რა თქმა უნდა, მსგავსი რამ არასდროს განმეორდება“, – მან პროცესზე.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქეს უთხრა, რომ „ნორმალურ საზოგადოებაში ეს ქცევა ნასვამობის მიზეზით ვერ აიხსნება“.

ინციდენტი გუშინ, 29 სექტემბერს მოხდა. პოლიცია მოქალაქე თეონა გლოლოძემ გამოიძახა. მისი თქმით, პოლიციის მისვლის შემდეგ კაცმა მომხდარის შესახებ სხვა პირს ტელეფონით მოუყვა.

„მოვიდა პოლიცია და ამ დროს ვიღაცას დაურეკა და იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, მოშარდა და ამის გამო გამოვიძახეთ პოლიცია, უთხრა, რომ „დიდება რუსეთს“ თქვა და ამის გამო მიჰყავთ“, – თქვა მან.