რუსეთის მტკიცებით, ბელგოროდის ოლქში უკრაინული დრონები მოიგერიეს - დაიღუპა 1 ადამიანი

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 14 მარტის ღამეს ბელგოროდის ოლქში 8 უკრაინული დრონი გაანადგურეს. უწყება აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, დრონებით შეტევის დროს დაზიანდა ორი კერძო სახლი და ერთი მანქანა. მისივე თქმით, ამან, ასევე, დააზიანა ჯანდაცვის დაწესებულება – კერძოდ, ჭერი და შენობის მეხუთე-მეექვსე სართულები.

„პირველადი ინფორმაციით, დაიღუპა მანქანის მძღოლი. სასწრაფო დახმარების სამსახურმა, ასევე, მიიღო შეტყობინება ორი ქალისა და ერთი კაცის დაშავების შესახებ”, – განაცხადა მან.

რუსეთი უკრაინული დრონების შეტევის შესახებ 12 მარტსაც საუბრობდა – მათი მტკიცებით, 7 ოლქში 25 უკრაინული დრონი მოიგერიეს. აღნიშნულ ბრალდებებზე უკრაინულ მხარეს ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.