რუსეთის ომი უკრაინაში - დღე 7 | განახლებადი

პუბლიკა

რუსეთი მეშვიდე დღეა უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. იბომბება ქალაქები: კიევი, ბორისპოლი, ნიკოლაევი, ვასილკოვი, ხარკოვი. ქალაქებს უტევენ სახმელეთო ნაწილებიც. მიუხედავად ამისა, სამხედრო ექსპერტები რუსული არმიის სერიოზულ წინსვლაზე არ საუბრობენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა. რუსეთის ომს უკრაინაში წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება. აგრესიის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მძიმე ფინანსური სანქციები დაუწესეს.

გთავაზობთ მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში. განახლებები დარეფრეშების შემდეგ გამოჩნდება.


23:34 უკრაინული მედიის ცნობით, კიევში აფეთქებების ხმა ისმის, მათ შორის ძლიერი აფეთქება იყო კიევის რკინიგზის სადგურთან. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

პარალელურად, უკრაინული და რუსული მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ხუთშაბათს განახლდება პოლონეთ-ბელორუსიის საზღვართან.

18:48 უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის თქმით, უკრაინამ ახალი უპილოტო საფრენი აპარატები „ბაირაქტარები“ მიიღო და უკვე საბრძოლო მდგომარეობაში ჰყავს. რეზნიკოვის თქმით, ამის გარდა გზაშია „სტინგერებისა“ და „ჯაველინების“ ახალი პარტიაც.

17:38 24 თებერვლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთის არმიამ 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა The Kiev Independent უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

17:06 ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ ბანკების სია, რომლებიც SWIFT-დან გაითიშებიან. მათ შორის არიან: „ბანკ ოტკრიტიე“, „ნოვინკომბანკი“, „ვნეშეკონომბანკი“, „რასია ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პრომსვიაზბანკი“ და „სოვკომბანკი“.

ეს სანქცია ძალაში ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ შევა და შეეხება ყველა იმ იურიდიულ პირსაც, რომლის საკუთრების უფლების 50 პროცენტს პირდაპირ ან არაპირდაპირ ეს ბანკები ფლობენ.

ვრცლად:

16:26 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მესამე მსოფლიო ომი თუ დაიწყება, ის იქნება ბირთვული და გამანადგურებელი ომი. ამის შესახებ ლავროვი ტელეკომპანია Al Jazeera-სთან ინტერვიუში საუბრობს, რომლის ფრაგმენტიც გამოქვეყნდა.

ვრცლად:

14:54 მოდის სახლი Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორიც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, „ინსტაგრამზე“ უკრაინის დროშას აქვეყნებს და აცხადებს, რომ უკვე გაიღეს დახმარება უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

13:43 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნეიტრალური შვეიცარიაც კი შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ეიმედებოდა, ახლა ომის საწინააღმდეგო კოალიციის წევრები არიან.

„ნეიტრალური შვეიცარიაც კი შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ვიმეორებ – ნეიტრალური შვეიცარია! რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ერთი კვირის წინ ეყრდნობოდა, ომის საწინააღმდეგო კოალიციას შეუერთდნენ. ეს შესანიშნავი შედეგია. ახლა შეუძლებელია, დარჩე ნეიტრალური“, – განაცხადა ზელენსკიმ.

12:59 საერთაშორისო საგამოძიებო მედიაგამოცემა Bellingcat-მა უკრაინაში რუსული არმიის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტებს მიაკვლია, მათ შორის, სკოლებსა და საავადმყოფოებზე.

კასეტური საბრძოლო მასალის დანიშნულებაა, რომ სამიზნის თავზე გაიშალოს და მომცრო აფეთქებებით დიდი არეალი მოიცვას, მეტი მსხვერპლის გამოსაწვევად. კასეტური შეიარაღება განსაკუთრებით სახიფათოა სამოქალაქო ადგილებზე თავდასხმისას.

ვრცლად:

12:28 უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ ხარკოვის ცენტრალური პარკი კვლავ ცეცხლშია გახვეული. თვითმხილველთა თქმით, დაიბომბა ქალაქის ცენტრი; აფეთქებები იყო თავისუფლების მოედნიდან 1,5 კილომეტრში.

დაბომბვის შედეგად იწვის კარაზინის სახელობის ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მსხვერპლისა და ზიანის ოდენობა ზუსტდება. პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი.

11:31 „პუტინს წარმოდგენაც არ აქვს, რა ელის“ | ბაიდენის მიმართვა ხალხს და კონგრესს.

ვრცლად

10:23 რამდენიმედღიანი მასიური დაბომბვის შემდეგ რუსული არმიის შენაერთებმა, დნეპრი გადაკვეთეს და ხერსონის დაკავება დაიწყეს. ხერსონის მერის თქმით, რუსებმა დაიკავეს პორტი მდინარეზე და რკინიგზის სადგური. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული არმიის დანაყოფები გამოჩნდნენ ქალაქის სხვა ნაწილებშიც, ქალაქის ცენტრში კი აფეთქებების ხმა ისმის.

ვრცლად