რუსეთის პოზიცია ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველია, მაგრამ დეესკალაცია არ ჩანს - სტოლტენბერგი

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, დიალოგისთვის რუსეთის მხრიდან გამოთქმული მზაობა ფრთხილ ოპტიმიზმს აჩენს, მაგრამ ჯერჯერობით დეესკალაციის ნიშნები არ ჩანს.

„რუსეთს განცხადებები, რომ მზადაა დიალოგი გაგრძელდეს, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს დეესკალაციის ნიშნები. ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული შეიარაღებული ძალების რაოდენობა იკლებდეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული დანაყოფების ნაწილმა წვრთნები დაასრულა და თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებოდნენ.

„15 თებერვალი ისტორიაში შევა დასავლეთის ომის პროპაგანდის ჩავარდნის დღედ“, – ასე გამოეხმაურა ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მარია ზახაროვა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას 15-16 თებერვლისთვის განიხილავდა.

ასევე ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ხოლო მოგვიანებით კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრეს დიალოგის გაგრძელებისთვის მზაობაზე და აღნიშნეს, რომ მათ ინტერესშიცაა არსებული ვითარება დიპლომატიური გზით გადაწყდეს.

მოსკოვის პოზიციას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და განაცხადა, რომ უკრაინას სურს, იხილოს იმის მტკიცებულებები, რომ რუსეთს მართლაც გაჰყავს ჯარები მათი საზღვრებიდან და სურს სიტუაციის დეესკალაცია.