რუსეთის პროკურატურის ცნობით, გიორგი ბარამიძეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლო დაუსწრებლად გაასამართლებს

პუბლიკა

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ. ოკუპანტი ქვეყანა მას უკრაინაში მიმდინარე ომში „დაქირავებულ მებრძოლად“ მონაწილეობას ედავება. საქმეს ანექსირებული დონეცკის არაღირებული რესპუბლიკის სასამართლო განიხილავს.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურამ დაამტკიცა ბრალდება საქართველოს 57 წლის მოქალაქის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში)“,- ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის პროკურატურა ამბობს, რომ 2022 წლის თებერვალში ბარამიძე უკრაინაში „დაქირავებულ მებრძოლად“ ჩავიდა და შეუერთდა ქართულ ლეგიონს, აპრილამდე კი რუსული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. რუსული მხარის მტკიცებით, ბარამიძის კომპენსაციამ 238 000 რუბლს გადააჭარბა.

რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და სასამართლომ მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„სისხლის სამართლის საქმე განსახილველად დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში გადაიგზავნა“, – აღნიშნულია განცხადებაში.