რუსეთის საგარეო: აუცილებელია სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შემდეგ განცხადება გაავრცელა. მასში საუბარია აფხაზეთისა და ცხინვალის „უსაფრთხოების გაძლიერების“ აუცილებლობაზე.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ურთიერთობის გაგრძელების მნიშვნელობას რუსეთის რკინიგზის სამინისტროს ეგიდით, რათა სწრაფად დაიწყოს არსებითი სამუშაოები საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასევე, დაიწყოს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დემილიტაცია-დემარკაციის პროცესი”.

რუსეთი აღნიშნავს, რომ „სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში NATO-ს მზარდი აქტიურობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნის თანამედროვე ტიპის იარაღით მომამარაგებით”. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, „შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ვითარება „ადგილზე”, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში, ცალკეული ინციდენტების გარდა, ზოგადად სტაბილური რჩება”.

რუსეთმა ასევე მიუთითა, რომ „გაეროს გენერალური ასამბლეის პოლიტიზებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ, რომელიც საქართველოს ყოველწლიურად შეაქვს, საქართველოს, რჩება სერიოზულ გამაღიზიანებლად, რომელიც აფერხებს თანამშრომლობას ჟენევაში ჰუმანიტარულ საკითხებზე”.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი 5-6 დეკემბერს გაიმართა.