რუსეთის საპატრიარქო „წუხს“ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე - იაკიმჩუკი

პუბლიკა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია „წუხს”, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო მედია TASS-ს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა განუცხადა.

მისი თქმით, ფლობენ მხოლოდ იმ ცნობებს, რომლებიც მედიით გავრცელდა.

„ჩვენ მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რაც მედიაში გავრცელდა. რა თქმა უნდა, ვწუხვართ ეპისკოპოსის გამო. ის მსახურობდა მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და სწავლობდა წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში”, – თქვა იაკიმჩუკმა.

5 ივლისს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი მოწმალეს.

6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ მიტროპოლიტი შიოს სისხლის ანალიზში მართლაც აღმოჩნდა გარკვეული ცვლილებები. ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზის მიხედვით, მეუფე შიოს სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.