რუსეთის სარაკეტო თავდასხმას კრივი-რიჰში მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების უმრავლესობის ჩამოყრა შეძლო, მაგრამ რამდენიმე მათგანი მაინც მოხვდა სამოქალაქო ობიექტებს.

უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, კრივი-რიჰში რაკეტები საწყობსა და საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. აფეთქებებს მოჰყვა ნგრევა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ნანგრევებში შესაძლოა, კიდევ იყვნენ დარჩენილი მოქალაქეები.

„სამწუხაროდ, უკვე 6 დაღუპულია. სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, – წერს კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ვილკული Telegram-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის მორიგი თავდასხმა დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.