რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, 2 ოლქში უკრაინულმა ძალებმა შეჭრა სცადეს

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ „უკრაინელმა მებრძოლებმა უკრაინა-რუსეთის საზღვარი გადალახეს და ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრა სცადეს”.

თავდაპირველად ინფორმაცია კურსკის ოლქის გუბერნატორმა გაავრცელა და თქვა, რომ „უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს”.

მოგვიანებით FSB-მ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ამტკიცებს, რომ 10 მარტის შემდეგ რუსეთის სასაზღვრო დაცვამ და სამხედრო პერსონალმა ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში საზღვრების გადმოკვეთის „არაერთი მცდელობა აღკვეთებს”.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვის დროით 12 მარტის ღამის 03:00 საათზე, უკრაინულმა ჯგუფებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, სამი სხვადასხვა მიმართულებით სცადეს შეჭრა, მათივე ცნობით, მოსკოვის დროით 08:00 საათსა და 08:25 საათის ინტერვალში თავდასხმის მცდელობა იყო კურსკის ოლქის მიმართულებითაც.

უკრაინულ მხარეს ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია და სავარაუდო თავდასხმის მცდელობებზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

თუმცა როგორც ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, ინციდენტზე პასუხისმგებლობას იღებს უკრაინაში დაფუძნებული, კრემლის მოწინააღმდეგე 2 რუსული დაჯგუფება, მათ შორის „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი” და „ციმბირის ბატალიონი”.

ამის მიუხედავად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ საზღვრების გადაკვეთა და ოლქებში შეჭრა „უკრაინულმა სამხედროებმა” სცადეს.