რუსეთისგან გამოგზავნილი ხელოვნური სუნთქვის აპარატები, რომლებსაც ცეცხლი უჩნდება არ გამოგვიყენებია - აშშ

პუბლიკა

აშშ-ის საგანგებო მდგომარეობის მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) განცხადებით, მართალია, მათ კორონავირუსით ინფიცირებულთათვის რუსეთისგან ხელოვნური სუნთქვის აპარატები მიიღეს, თუმცა ისინ არ გამოუყენებიათ. რუსეთში, სავარაუდოდ Aventa-M მოდელის აპარატების გამო საავადმყოფოებში ხანძარი ორჯერ გაჩნდა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა.

მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ იმავე მოდელის აპარატები რუსეთმა გაუგზავნა შეერთებულ შტატებსაც. თუმცა, FEMA-ს პრესსპიკერის ჯანეტ მონტესის თქით, ხელოვნური სუნთქვის აპარატები საავადმყოფოებში არ გამოუყენებიათ. „სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, შტატები, რომლებმაც მიიღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატები, რუსულ აპარატებს სააგენტოს დაუბრუნებენ“, – განაცხადა მონტესიმ.

Aventa-M მოდელის აპარატების გამოყენება აიკრძალა თავად რუსეთშიც. „როსზდრავნადზორის“ განცხადებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატებმა, რომლებსაც 1 აპრილიდან „ურალის“ ქარხანა აწარმოებს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ხანძრები გამოიწვია. მოსკოვში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სანკტ-პეტერბურგში კი ხუთი ადამიანი დაიღუპა.