რუსეთმა აშშ-ს პასუხი გაუგზავნა | მოსკოვი ნატო-ს შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმას მოითხოვს

პუბლიკა

“ვაშინგტონი არ არის მზად, უარი თქვას დესტაბილიზაციურ კურსზე, რომელიც მიმართულია აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის უპირატესი მდგომარეობის შექმნისკენ, რაც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების ხარჯზე ხდება, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილ წერილში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ გაასაჯაროვა.

რუსული მედიის ცნობით, ოფიციალურმა მოსკოვმა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე წერილი რუსეთში აშშ-ის ელჩს ჯონ სალივანს გადასცა.

„ვაცხადებთ, რომ უსაფრთხობის გარანტიების შესახებ რუსული მხარის მიერ მომზადებული ხელშეკრულების პროექტის ძირითად ელემენტებზე ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ საუბარი ეხება ნატო-ს შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმას, „ბუქარესტის ფორმულის“ გაუქმებას, რომლის მიხედვით „უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან“, ასევე, იმ სახელმწიფოების ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნაზე უარის თქმას, რომლებიც მანამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ და ალიანსის წევრებს არ წარმოადგენენ, მათ შორის უარის თქმას სამხედრო აქტივობის განსახორციელებლად ამ ქვეყნების ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებული შესაძლებლობების გამოყენებაზე.

აგრეთვე, წერილში საუბარია, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას.

„ამერიკული მხარის მხრიდან მზადყოფნის არარსებობას, მოხდეს შეთანხმება მტკიცე, იურიდიულად სავალდებულო გარანტიებზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი უსაფრთხოება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან, რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

რუსული მედიის ცნობებით, დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ უკრაინაში „არანაირი შეჭრა“ არ არის და არ იგეგმება.