რუსეთმა კრემლზე უკრაინული დრონების თავდასხმა დაადასტურა

პუბლიკა

რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით იერიში მიიტანა. უკრაინა ამ ინფორმაციას უარყოფს. რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა „რია ნოვოსტი“ წერს, რომ კრემლს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს საფრთხე არ შექმნია. შეტევას არ მოჰყოლია მსხვერპლი და ნგრევა.

კრემლზე თავდასხმის ფოტო და ვიდეოკადრები გუშინ ინტერნეტსა და რუსულ მედიაში გავრცელდა. კადრებში ჩანს საფრენი აპარატი, კრემლის ნაწილში მომხდარი აფეთქება და კვამლი.

მოსკოვში ამ იერიშს „კრემლზე თავდასხმის და პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა“ უწოდეს და ამტკიცებენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროულად იმოქმედეს თავდასხმის გასანეიტრალებლად.

პუტინის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი თავდასხმის დროს კრემლში არ იმყოფებოდა და მოსკოვთან ახლოს თავის რეზიდენციაში მუშაობდა. პესკოვი ასევე დაემუქრა უკრაინას, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები, იქ და იმ დროს, როცა თავად გადაწყვეტს.

მოსკოვში 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებიან. კრემლის წინ უკვე ამზადებენ სცენასა და ტრიბუნებს.