რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

პუბლიკა

რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ პარტია „დროას“ წევრებს „მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური პოზიციები აქვთ და საქართველოს მიმართულებით რუსეთის საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავენ მიზნად“.

„ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, ითხოვენ სავიზო რეჟიმის აღდგენასა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტას. ისინი თვლიან, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.

ასევე, უწყების მტკიცებით, „დროას“ ლიდერი საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისგან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, რუსეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ პარტია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ხელისუფლებას, მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებისა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ გაწევრებისკენ.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პარტია „დროამ“.

„რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

რაში „გვედება ბრალი“:

1. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევაში;

2. ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავებაში;

3. საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობაში;

4. საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაში;

5. უკრაინის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერაში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭირდო თანამშრომლობასა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერაში;

6. და ბოლოს, იმაში, რომ “დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში.

ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ:

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია! ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში! საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!“, – წერს პარტია.