რუსეთმა სამხედრო ძალები ყაზახეთში გააგზავნა

პუბლიკა

რუსული მედიის ცნობით, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, რუსეთმა სამხედრო ძალები უკვე გაგზავნა ყაზახეთში. როგორც სააგენტო tas.ru იუწყება, მათ უკვე დაიწყეს დავალებების შესრულება.

როგორც სააგენტო წერს, „კოლექტიური სამშვიდობო ძალების“ ძირითადი ამოცანები იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ყაზახეთის რესპუბლიკის კანონიერი ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციაში.

გუშინ, 5 დეკემბერს, საღამოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“  (ОДКБ) ამჟამინდელი თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობოებს გაგზავნის.

ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თხოვნას. სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამშვიდობოები ყაზახეთში წესრიგის აღდგენას შეუწყობენ ხელს.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება“ არის სამხედრო ალიანსი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. 


ყაზახეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა.

მათივე ცნობით, შეტაკებების დროს 300-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ გამოაცხადა, რასაც მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები და შედეგად, ყაზახეთის მთავრობის გადადგომა მოჰყვა.