რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მებრძოლს

პუბლიკა

რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლ ქართველს, 22 წლის მამუკა გაწერელიას დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს გაწერელია „ჩავიდა უკრაინაში, სადაც გააფორმა კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და გაგზავნეს მარიუპოლში. მრავალსართულიან კორპუსში მან ცეცხლი გაუხსნა 4 რუს სამხედროს, რომელთაგან 3 მოკვდა.“

მამუკა გაწერელია, რომელიც მარიუპოლში იბრძოდა, ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა უკრაინის არმიის ქვედანაყოფები „აზოვსტალს“ ტოვებდნენ.

2023 წლის 24 დეკემბერს  „ამერიკის ხმასთან“ გაწერელიას დედა ამბობდა, რომ ის 2022 წლის მარტში წავიდა მოხალისედ, რადგან სწამდა, რომ ეს იყო ბრძოლა საქართველოსთვის.

„ შემდეგ, როცა მარიუპოლში ვითარება გართულდა, ასევე საკუთარი ინიციატივით შეუერთდა „აზოვსტალის“ დამცველებს. 8 დეკემბერს, ტყვეობაში 22 წლის გახდა“ – ამბობდა გაწერელიას დედა.