„რუსეთმა ვერ შეძლო კიევის ალყაში მოქცევა“ - BBC

პუბლიკა

„რუსეთმა ვერ შეძლო კიევის ალყაში მოქცევა, როგორც ის ამას გეგმავდა“ – ასე აჯამებს BBC ღამის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, რომლებმაც ამ დროისთვის ბოლო შეფასება გამოაქვეყნეს.

მათი თქმით, რუსულმა ძალებმა „დროებით მიატოვეს“ თავდასხმები ჩერნიგოვსა და ხარკოვზე და ვარაუდობენ, რომ გვერდს უვლიან ამ ქალაქებს, რათა კიევში გადავიდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში შეტაკებისას ექვსი წლის ბიჭი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.

The Kyiv Independent წერს, რომ 26 თებერვალს ჰოსტომელთან ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმის კოლონის განადგურება ოფიციალურად დაადასტურა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

უკრაინული მედიის ცნობით, ხუთშაბათს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინაში 240 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გაეროს მიაჩნია, რომ „რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია“, რადგან  ცნობები მსხვერპლის შესახებ ჯერ კიდევ დასადასტურებელია.

უკრაინული მედია გაეროს მოხსენებაზე დაყრდნობით წერს, რომ  160 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია, ხოლო 116 000-ზე მეტი იძულებული გახდა მეზობელ ქვეყნებში გაქცეულიყო.