რუსეთში ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოს 40-კაციანი დელეგაცია ეყოლება - ლორთქიფანიძე

პუბლიკა

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, რუსეთში „მსოფლიოს ახალგაზრდულ ფესტივალზე“, რომელიც მარტში უნდა გაიმართოს, „საქართველოს დელეგაცია“ 40 ადამიანით იქნება წარმოდგენილი. ლორთქიფანიძის კომენტარს რუსული პროკრემლისტური გამოცემა TASS ავრცელებს.

„დიახ, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე დელეგაცია საქართველოდანაც იქნება, უკვე ჩამოყალიბებულია 40-კაციანი შემადგენლობა. დელეგაციაში შედიან ახალგაზრდა ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხოტივარიშვილი, არჩილ სიხარულიძე – ავტორი ქართულენოვანი წიგნისა რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში დამატებით ლიტერატურად გამოიყენება“, – უთხრა ლორთქიფანიძემ რუსულ მედიას.

ლორთქიფანიძის თქმით, დელეგაციას თავად უხელმძღვანელებს. ასევე მისი თქმით, ქართულ დელეგაციაში იქნებიან სპორტულ აკრობატიკაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები და წარმატებული სპორტსმენები.

„ეს არის ყველაზე დიდი ახალგაზრდლი ფესტივალი მსოფლიოში, პლატფორმა აქტუალურ პრობლემებზე სასაუბროდ და მშვიდობის მისაღწევად“, – უთხრა ლორთქიფანიძემ TASS-ს.

ახალგაზრდობის ფესტივალი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით 1-7 მარტს სოჭში, სირიუსის ფედერალურ ტერიტორიაზე გაიმართება.