„რუსეთში არ მიდის. პარტიული დელეგაციით რუსეთში ჩვენ წავალთ" - მორგოშია მახარაძეზე

პუბლიკა

„ზურა მახარაძეს აქვს აბსოლუტურად სხვა ამოცანა, რუსეთში არ მიდის. რუსეთში ჩვენ მივდივართ, მთელი პარტიული დელეგაციით უახლოეს პერიოდში”, –  პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფოს” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია „TV პირველთან” პარტიის თავმჯდომარის „სხვა ფორმატში მუშაობა, უშუალოდ ადგილზე” წასვლასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვისთან უნდა გამართონ პარტიის წარმომადგენლებმა თვეებით ადრე დაანონსებული შეხვედრა რუსეთში, მორგოშია პასუხობს, რომ -„ვისთან უნდა გავმართოთ [შეხვედრა] და რუსეთის იმ პოლიტიკურ წრეებთან, ვისაც ხელეწიფება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დალაგება”.

ჟურნალისტის რეპლიკაზე – „თქვენზე ამყარებენ იმედებს რუსეთში?”, მორგოშია ამბობს, რომ: „იმედების დამყარება რას ნიშნავს, არ ვიცი. ჩვენ გვიყურებენ, როგორც ადეკვატურ ხალხს, რომელიც რაციონალურად აზროვნებს და შეუძლია, რომ დაალაგოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა”.


გუშინ, 13 მარტს „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა ზურაბ მახარაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნავს, რომ „სხვა ფორმატში, უშუალოდ ადგილზე“ მოუწევს ყოფნა და თბილისიდან გარკვეული პერიოდით მიდის. მორგოშიამ „პუბლიკასთან” საუბრისას 13 მარტს განაცხადა, რომ მახარაძის „ამოცანა კონფიდენციალურია”.

„მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს და იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს ამ ქარიშხალში, ჩვენც, როგორც ალტ-ინფოს, ისე კონსერვატიულ მოძრაობას სხვა ტემპებზე გვიწევს გადასვლა.

აქედან გამომდინარე, მე თვე ან უფრო მეტი ხანი მომიწევს სხვა ფორმატში მუშაობა, უშუალოდ ადგილზე, რაც იმას გულისხმობს, რომ თბილისში ვერ ვიქნები და ეთერებშიც ვერ გამოვჩნდები რაღაც პერიოდი“, – ამბობს მახარაძე ვიდეოში, რომელიც თავად ჩაწერა.


პარტიამ რეგიონებში 60-ზე მეტი ფილიალი გახსნა. ამბროლაური, მესტია, ხულო, შუახევი, ოზურგეთი, ჩოხატაური – ამ რეგიონებში პარტიის ოფისის გახსნა ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. პრორუსული პარტიის წინააღმდეგ აქციები რეგიონებში დღესაც იგეგმება.