რუსეთში დაიწყო ვებსაიტების - Meduza, BBC, DW, Radio Svaboda დაბლოკვა

პუბლიკა

რუსეთში დღეს, დილით დაიწყო მედიაკომპანიების – Deutsche Welle-ს რუსული ბიუროს, BBC- ის რუსული ბიუროს, Meduza-ს და Radio Svaboda -ს ვებსაიტების დაბლოკვა, – ინფორმაციას მედიაკომპანიები ავრცელებენ.

როგორც Deutsche Welle წერს, Deutsche Welle-ს მოსკოვის ოფისის თანამშრომლებს ჟურნალისტის აკრედიტაცია ჩამოერთვათ.

1 მარტს, გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, მაუწყებლობა შეაჩერა ტელეკომპანია „დოჟდმა“ და „ეხო მოსკვმა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.

ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარი რედაქტორის, ტიხონ ძიადკოს თქმით, ის და ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილი რუსეთის დროებით დატოვებას გეგმავენ.

ძიადკოს თქმით, ჟურნალისტების ნაწილს ემუქრებიან, რისკის ქვეშ დადგა ტელეკომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხოება.

26 თებერვალს რუსეთის „კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა“ 10 ადგილობრივი მედიაორგანიზაცია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

მარეგულირებელმა განაცხადა, რომ წაეშალათ რუსეთისთვის შეურაცხმყოფელი ინფორმაცია ვებგვერდებიდან ან შეეზღუდებათ წვდომა თავიანთ ვებგვერდებსა და სხვა მედიარესურსებზე.

მარეგულირებელმა მოუწოდა მედიებს, წაშალონ ისეთი ცნობები, რომლებიც აღწერს მოსკოვის თავდასხმას უკრაინაზე; ინფორმაცია, რომელშიც გამოყენებულია ტერმინები – „რუსეთის თავდასხმა, შეჭრა, ომის გამოცხადება“.