რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ლგბტქ მოძრაობა „ექსტრემისტულად" გამოაცხადა

პუბლიკა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა ლგბტ“​ „ექსტრემიზმად“ გამოაცხადა და აკრძალა.

მოსამართლე ოლეგ ნეფედოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „დაუყოვნებლივ შედის ძალაში“.

სხდომას, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდა. აქტივისტებს პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს. „საიდუმლო მასალების“ გამო, სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი მასალა 20 ტომზე მეტს შეადგენდა.

„საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა ლგბტ” რუსმა ლგბტქ აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინ დააფუძნეს, რათა უზენაეს სასამართლოში თავიანთი უფლებები დაეცვათ – სასამართლოში სარჩელის შეტანის დროისთვის ორგანიზაცია არ არსებობდა.

აქტივისტების აზრით, რუსეთის ხელისუფლებისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადად ლგბტქ აქტივიზმსა და ქვიარ ადამიანებს ეხება.

„შეუძლებელია, ადამიანთა ჯგუფს უწოდო „საზოგადოებრივი მოძრაობა“ უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი მიეკუთვნებიან რომელიმე სოციალურ ჯგუფს ან იმიტომ, რომ მათ აერთიანებთ გარკვეული პიროვნული მახასიათებლები”. – განაცხადეს აქტივისტებმა.

მათივე განცხადებით, არარსებული „ლგბტ მოძრაობის“ ექსტრემისტებად მიჩნევამ „შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და აქტივისტური საქმიანობის კრიმინალიზაცია და უფლებადამცველების, აქტივისტების, ჟურნალისტების დევნის რისკი”.

სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება ჯერ არ გამოქვეყნებულა. რუსული გამოცემა „ინტერფაქსი” წერს, რომ აკრძალვა ეხება „ლგბტ პროპაგანდას, რეკლამას და ლგბტ მოძრაობაში ჩართვის აკრძალვას”.

რუსეთში კონკრეტული ორგანიზაციის ექსტრემისტულად აღიარება, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს მისი სიმბოლოების ჩვენების აკრძალვას და ნებისმიერი არაუარყოფითი შეფასება შეიძლება განიმარტოს, როგორც ექსტრემიზმის გამართლება ან ექსტრემისტული მოქმედებებისკენ მოწოდება.

რუსეთში ჰომოფობიური კანონმდებლობა უკვე მრავალი წელია, მოქმედებს. 2022 წლის დეკემბრიდან მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. აიკრძალა „ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერობის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება”. ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმები: 400 ათას რუბლამდე კერძო პირებისთვის და ხუთ მილიონ რუბლამდე – ორგანიზაციებისთვის.

რუსი უფლებადამცველების თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და დისკრიმინაციული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, ლგბტქ+ თემის წევრების 83%-მა შენიშნა რუსულ საზოგადოებაში ჰომოფობიური და/ან ტრანსფობიური განწყობების ზრდა. დისკრიმინაციისა და ძალადობის შემთხვევაში ლგბტ ადამიანები ასევე ნაკლებად მიმართავენ პოლიციას: ისინი შიშობენ, რომ განმეორებით დისკრიმინაციას წააწყდებიან.