რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნადეჟდინის ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
„პოლიცია მოვიდა. დოლგოპრუდნის პოლიციის განყოფილებაში მივყავარ,” – დაწერა მან.
ჯერჯერობით უცნობია, რის გამო დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
10 ივლისს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ბორის ნადეჟდინი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა. უწყების მტკიცებით, პოლიტიკოსი მონაწილეობდა სხვა „უცხოეთის აგენტებისა“ და „არასასურველი“ ორგანიზაციების მასალების გავრცელებაში, ავრცელებდა „არასწორ/ყალბ ინფორმაციას“ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მის პოლიტიკაზე, ასევე ქვეყნის საარჩევნო სისტემაზე.
თავად ნადეჟდინმა განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთის დატოვებას და პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს.
ბორის ნადეჟდინი ღიად აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებას; ეწინააღმდეგება უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს და მხარს უჭერს რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
ნადეჟდინმა 2024 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა წამოაყენა პარტიიდან „სამოქალაქო ინიციატივა“. მისი მთავარი დაპირება უკრაინაში ომის დასრულება და მობილიზაციის გაუქმება იყო.
მის კანდიდატურას მხარი ათიათასობით ადამიანმა დაუჭირა და ხელმოწერები შეგროვდა, თუმცა რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი კანდიდატურა არ დაარეგისტრირა. მიზეზად დასახელდა შეგროვებულ ხელმოწერებში დასაშვებზე მეტი „დეფექტის“ აღმოჩენა. ნადეჟდინმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.
2026 წლის ივნისში ბორის ნადეჟდინმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საბუთები წარადგინა დუმის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობისთვის, რის შემდეგაც მხარდასაჭერისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
2024 წლის მაისიდან რუსეთში „უცხოეთის აგენტებს“ არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ.