რუსეთში, უნივერსიტეტში შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მოკლა

პუბლიკა

რუსეთში, ქალაქ პერმის უნივერსიტეტში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. რუსული მედიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის კამპუსში 12-კალიბრიანი თოფით შეიარაღებული, სამხედრო უნიფორმაში ჩაცმული პირი დღეს, დილის 11 საათზე შეიჭრა და სულ მცირე 30-ჯერ გაისროლა.

თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც რუსული გამოცემა Meduza წერს, სავარაუდოდ, დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 19 დაშავდა. დაღუპულთა შორის არის, სავარაუდოდ, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელიც. დაშავებულთაგან 1 მძიმედაა, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სტუდენტების ნაწილმა თავის დაღწევა ფანჯრებიდან გადახტომით სცადა, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოებიდან კი ჩანს, რომ ზოგიერთი მათგანი აუდიტორიებში ჩაიკეტა და შესასვლელებში მერხებით ბარიკადები ააგეს.

Meduza წერს, რომ საგამოძიებო უწყებების ცნობით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სამართალდამცველებმა მოკლეს, რაც არ დადასტურდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და ორმხრივი სროლისას დაიჭრა.

რუსული მედიის ნაწილი წერს, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, 18 წლის თემურ ბეკმანსუროვია, რომელიც დღეს თავდასხმამდე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მისი თავდასხმა ტერორისულ აქტად არ განეხილათ და ექსტრემისტული ორგანიზაციების წევრი არ არის. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ბეკმანსუროვი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

გამოძიება 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.