რუსეთთან დაკავშირებული ინიციატივები, რომელთა განხილვას პარლამენტი არ იწყებს

ქეთი გოგუაძე

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებისა და რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს პარლამენტში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმისა თუ სხვადასხვა სახის შეზღუდვის დაწესებაზე რამდენიმე კანონპროექტი და ინიციატივაა შეტანილი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა მათ განხილვას, რამდენიმე თვეა, არ იწყებს. „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ რუსეთს სანქციებსა და სავიზო რეჟიმს არ დაუწესებს.

კანონპროექტების განხილვის განახლების თემა რუსეთიდან პირდაპირი ფრენის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

„ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა – ეს არის სანქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

საკანონმდებლო ინიციატივები

22 მაისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა, პარლამენტმა განიხილოს მათი ფრაქციის მიერ ერთი წლის წინ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს საქართველოში სანქცირებული პირების შემოსვლას.

ენმ-ის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელთა მხრიდანაც მიმდინარეობს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია; ასევე – იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც თანამშრომლობენ სანქცირებულ კომპანიებთან.

22 აპრილის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კანონპროექტი იურიდიულ კომიტეტს უკვე დაწერილი აქვს და მისი განხილვის დაწყება კომიტეტის პრეროგატივაა, თავად კი ამ იდეას მხარს არ უჭერს.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ  კანონპროექტი აქვს „ლელოს“, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დაინიციირდა. 10 მაისს სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს „ლელოს“ ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა. კანონპროექტის წამყვან კომიტეტად იურიდიული კომიტეტია განსაზღვრული, თუმცა მისი განხილვა დაწყებული არ არის.

კანონპროექტის ავტორთა აზრით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ მიმოსვლის პოლიტიკა საფრთხის შემცველია და მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება.

პარლამენტში ასევე ინიციირებულია რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე აიკრძალება  საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, შეძენა ნასყიდობის ან ჩუქების გზით.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ბიუროს სხდომაზე 15 მაისს დარეგისტრირდა.

რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება ჰქონდა ანა დოლიძესაც.

„უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის“ – ამ სახელწოდებით შევიდა 15 მაისს პარლამენტში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ 6084 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია.

პეტიციის განხილვის წამყვან კომიტეტად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი განისაზღვრა.

თებერვალში გახარიას პარტიის წევრებმა „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ“ რეზოლუცია დააინიცირეს, კომიტეტს მისი განხილვის ვადა, ბოლო მონაცემით, 24 მაისამდე აქვს გახანგრძლივებული.

რეზოლუცია გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას [ეთნიკური ქართველების ინტერესების გათვალისწინებით] და ასევე მისი მეორე პუნქტი ითვალისწინებდა პირდაპირი ფრენის აღდგენაზე მოლაპარაკებების გამორიცხვას, თუმცა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენა უკვე დაწყებულია.

გარდა ამისა, „გირჩს“ ინიციირებული აქვს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც პარლამენტში გასული წლის სექტემბერში შეიტანეს, თუმცა წამყვან და სავალდებულო კომიტეტებს მისი განხილვა ჯერაც არ დაუწყიათ.

ინიციატივის განმარტებითი ბარათით, რუსეთ-უკრაინის ომი და ამ ფონზე რუსეთიდან გაზრდილი მიგრაცია აჩენს რისკებს, რომ წვრილმანი ხულიგნობა თუ ჩხუბიც კი, რომლის ინიციატორი რუსეთის მოქალაქე იქნება, მნიშვნელოვანი კონფლიქტის წყაროდ შეიძლება იქცეს.

კანონპროექტის ავტორები წერენ, რომ თუ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა, ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას და/ან გამოიჩენს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, გაძევებულ იქნეს საქართველოდან.

შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე საუბრობს ანა დოლიძე, რომელმაც პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება 23 მაისს შეიტანა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხს ავუხსნათ, რომ, როდესაც „ოცნება“ გვეუბნება, თითქოს რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ჩვენს ეკონომიკურ ინტერესშია, ეს არის დიდი ტყუილი. ჩვენ ვდგავართ კოლონოლიზაციის წინაშე, აქ ჩამოსულ რუს ტურისტს ხვდება რუსი გიდი, რუსული ტურისტული სააგენტო, მთელი მომსახურების სფერო. შესაბამისად, დოვლათი თითქოს შემოდის, 90% კი ისევ გაედინება მოსკოვში. ეს არის კოლონიზაციის ფორმა. იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ, აუცილებელია შრომით ბაზარზე დასაქმების დროს უპირატესობა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა მან.

საპარლამენტო ოპოზიცია მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, შეუსაბამოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროპულ არჩევანს და გააუქმოს რუსეთთან ფრენა.