რუსეთთან მშვიდი ურთიერთობის გამო დასავლეთი საქართველოს ხელებს უგრეხს - კარასინი

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით, დასავლეთმა საქართველოსთვის „ხელების გადაგრეხა“ დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის გამო.

„როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთმა ახლა საქართველოსთვის ხელების გადაგრეხა დაიწყო რუსეთთან მისი ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო.

ასეთია საერთაშორისო ურთიერთობებში თამაშის ახალი წესები, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პირადი პრიორიტეტებისა. ვაშინგტონმა გადაწყვიტა – მაშინ შეასრულე! კომენტარის გაკეთებას აზრიც არ აქვს!“ – წერს კარასინი Telegram-ზე.


რამდენიმე დღის წინ კარასინმა, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის არაფორმალურ დიალოგში რუსულ მხარეს წარმოადგენს, რუსულ მედიასთან თქვა, რომ მოსკოვი მზადაა ავიამიმოსვლის აღდგენისთვის, მაგრამ ამას ქართული მხარის ნებაც სჭირდება.

„ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, ვცვლით აზრებს. მაგრამ არის გამონათქვამი, რომ ტანგოს ორი სჭირდება. და თუ დუეტის ერთ-ერთ წევრს ეჭვი ეპარება, მაშინ არ არის საჭირო ძალდატანება. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა კარასინმა.

ასევე 1 თებერვალს Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს ეკუთვნის. მედიასთან ზურაბ აბაშიძემ ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა. ჩანაწერში კარასინი და აბაშიძე რუსეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის გაუმჯობესებაზე საუბრობდნენ.

აბაშიძის განმარტებით, აღნიშნული საუბარი გასული წლის ივნისში შედგა და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა. როგორც აბაშიძე განმარტავს, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მიმოსვლის მხრივ რთული ვითარება შეიქმნა.