რომელ გზას შეიძლება გულისხმობდნენ აბაშიძე და კარასინი ჩანაწერში

პუბლიკა

1 თებერვალს Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს ეკუთვნის. მედიასთან ზურაბ აბაშიძემ ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა.

აბაშიძის განმარტებით, აღნიშნული საუბარი გასული წლის ივნისში შედგა და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა. როგორც აბაშიძე განმარტავს, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მიმოსვლის მხრივ რთული ვითარება შეიქმნა. გთავაზობთ მათი საუბრიდან ამონარიდს, რომლის თარგმანსაც „რადიო თავისუფლება” ავრცელებს:

კარასინი: იცი, მე რის გამო ვრეკავ, მე მქონდა დეტალური საუბარი ჩვენს ტრანსპორტის სამინისტროსთან, ხელმძღვანელობასთან. მინდა, რომ შენც იყო საქმის კურსში. ისინი ძალიან კმაყოფილი არიან ბოლო კომუნიკაციებით, რომლებიც პროდუქტიული იყო. აჩვენეს [პრობლემების] გადაწყვეტის მიმართ ორმხრივი დაინტერესება, ნაწილობრივ ზემო ლარსი ფიგურირებს და არის სხვა პრობლემები. უფრო მეტიც, მათ სურთ, ეს კონტაქტები რეგულარული გახადონ. მიუხედავად იმისა, ტრანსპორტთან დაკავშირებული ვითარება გამწვავდება თუ არა, სულერთია, წარმოიშობა კონკრეტული პრობლემები. კიდეც მიმანიშნეს, რომ პერსპექტივაში არის რაღაც გეგმა, რაღაც ახალი დერეფნის მშენებლობის, რომელიც თქვენ და ჩვენ დაგვაკავშირებდა.

აბაშიძე: ეს სად არის?

კარასინი: არ ვიცი. რუკა არ გვქონდა ხელთ. კრასნოდარის მხარიდან პირდაპირ ტერიტორიაზე რაღაც ადგილია, პირობითად ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის მარცხნივ. კარგად არ მესმის, რა არის ეს.

აბაშიძე: ვერ გავიგე, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც წელიწად-ნახევარში დასრულდება.

კარასინი: ეს რა არის?

აბაშიძე: უზარმაზარი, მოქმედი გზის პარალელური მაგისტრალი ლარსის მიმართულებით. გვირაბები, გზები…

კარასინი: ეს რეკონსტრუქციაა იმის, რაც უკვე არის. მოდერნიზაცია.

აბაშიძე: არა. ის, რაც არის, დარჩება და პარალელურად შენდება.

კარასინი: გარკვეულ დისტანციაზე.

აბაშიძე: გარკვეულ დისტანციაზე. შემდეგ გამოჩნდება, სად გადაადგილდება ტვირთები, მსუბუქი ავტომანქანები…

კარასინი: შენ უფრო ჩახედული ხარ, ვიდრე მე.

აბაშიძე: ჩვენ ამაზე ადრე ვლაპარაკობდით. როდესაც ეს ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო. ახლა ეს მიდის მთლიანად. იქ გვირაბი იქნება ცხრა კილომეტრამდე. ყველაზე გრძელი კავკასიაში.

კარასინი: ჩანს, მათ ეს ჰქონდათ მხედველობაში.

აბაშიძე: ალბათ, კი. და თქვენთან, იქით მხარეს, ლარსთან, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია.

კარასინი: საქმე ის არის, რომ ისინი მზად არიან, ჩვენს მხარეს ააშენონ საკმაოდ ვრცელი მისასვლელი სისტემა.

აბაშიძე: კი, კი, კი.

კარასინი: მე მხოლოდ მინდოდა, შენ ეს გცოდნოდა…

რომელ გზას შეიძლება გულისხმობდნენ კარასინი და აბაშიძე ჩანაწერში, რაზე საუბრობს ზურაბ აბაშიძე და რა შეიძლება მოიაზრებოდეს „პერსპექტივაში არსებულ გეგმაში”.

„პუბლიკა” ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას” დაუკავშირდა, რომელიც ქვეყანაში დაგეგმილ სხვადასხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აკვირდება და შესწავლილი აქვს მათი გარემოზე ზემოქმედების შესაძლო საფრთხეები.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, კარასინი-აბაშიძის გავრცელებულ ჩანაწერზე დაყრდნობით, არაა მართებული ერთმნიშვნელოვნად თქმა იმისა, კონკრეტულად რაზე საუბრობენ ისინი, ჩვენ მხოლოდ ლოგიკური დასკვნების საშუალება გვაქვს.

„ცოტა დაბნეულობას იწვევს მათი საუბარი –  ერთგან ისე ჩანს, რომ კარასინი ერთს ლაპარაკობს და აბაშიძე – მეორეს. ფაქტია, რომ საუბრობენ იმაზე, რომ მოსკოვში კარასინის უფროსებს მოსწონთ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოში აბაშიძის უფროსები ატარებენ. და წაახალისებენ კიდევ იმით, რომ ახალ სატრანსპორტო კორიდორს გააკეთებენ, თუმცა რომელ კორიდორის გულისხმობს, ამას კარასინი წესიერად ვერ ხსნის – რომ წარმოიდგინო სამხრეთ ოსეთი, იმისგან მარცხნივო. საიდან უყურებს კარასინი, ცოტა ძნელია ამის თქმა. თუ რუსეთიდან უყურებს, „ცოტა მარცხნივ“ არის სწორედ ეს ახალი კორიდორი, რომელიც ხადის ხეობაზე გადის – ე.წ. კობი-ქვეშეთის გზა, რომლის გაგრძელებაცაა ნატახტარი-ჟინვალის დაგეგმილი ახალი მაგისტრალის მშენებლობა”, – ამბობს მაჭარაშვილი.

იმისთვის, რომ მკითხველს საკითხის გეოგრაფიული აღქმა გაუადვილდეს, გთავაზობთ ნიშნულებს. რუკაზე არაა მონიშნული ახალი მაგისტრალების ტრაექტორია

კობი-ქვეშეთის ახალი მაგისტრალის მშენებლობა, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი ახსენებს, უკვე დაწყებულია. როგორც ოფიციალურ გვერდზე წერია, გზისა და ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მთავარი გვირაბის 5 კმ. უკვე გაბურღულია. პროექტის ფარგლებში შენდება 23 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.

დოკუმენტებში აღნიშნული გზა ასევე მოიხსენიება, როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის – ჟინვალი-ლარსის პროექტის ნაწილად, ერთ-ერთ მონაკვეთად.

წითლად ახალი მაგისტრალი

რაც შეეხება ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალის მშენებლობას, აღნიშნული პროექტიც ამ დერეფნის სხვა მონაკვეთია. მის ასაშენებლად კანონით გათვალისწინებული პროცედურები დაწყებულია, მომზადებულია გზშ და მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები.

ისევე როგორც ნატახტარი-ჟინვალის, ასევე ხადის ხეობაში მიმდინარე მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველი ორგანიზაციები წლებია, ეწინააღმდეგებიან და აკრიტიკებენ.

„თუ კარასინი ისე უყურებს რუკას, როგორც ნორმალური ადამიანები ანუ თუ ჩრდილოეთი ზემოთაა, მაშინ „სამხრეთ ოსეთიდან მარცხნივ”, არის სწორედ რაჭა და შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, რომ მამისონის უღელტეხილის გავლით უნდა მოხდეს კიდევ ახალი მაგისტრალის გაყვანა. არც ეს იქნება დიდი მოულოდნელობა რუსეთის ხელში, მით უმეტეს ასეთი გზა მამისონის გავლით საბჭოთა პერიოდში არსებობდა. და იმის გამო, რომ ეს გზა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აღარ მოქმედებს, ამორტიზებულიცაა.

გარკვეულ ეჭვებს ბადებს ისიც, რომ ზუსტად ეს ტერიტორია ნახევარი საუკუნის იჯარით და თითქმის სიმბოლურ ფასად გადასცეს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ოლიგარქს დავით ხიდაშელს სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის. იმ ვალდებულებების შესრულება კი, რომელიც სანებართვო პირობების მიხედვით აკისრია სამონადირეო მეურნეობის მფლობელს (ორი გადაშენებული სახეობის აღდგენა მხოლოდ 5 მილიონი ლარის ინვესტირებით და მათზე ნადირობა) თავის მხრივ უტოპიურია”, – ამბობს მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, ვინაიდან ჩანაწერში კარასინი კრასნოდარის მხრიდან პირდაპირ შემოსვლას ახსენებს, ასეთი დაშვებაც შესაძლებელია, რომ აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო დერეფანსაც ამზადებდნენ რუსები.

მაჭარაშვილი დასძენს იმასაც, რომ აბაშიძის საუბრისგან ირკვევა, რომ ის კობი-ქვეშეთის გზაზე საუბრობს. ამის შემდგომ კარასინი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს ტრანსპორტის სამინისტროს მხედველობაში ეს ჰქონდა.

„თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ აბაშიძე პასუხობს სწორედ ამ კობი-ქვეშეთის გზაზე და ფაქტობრივად პატაკს აბარებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამა და ამ წელს შევა ექსპლუატაციაშიაო.

ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ, რა თქმა უნდა, ეს გზა იმისთვის კეთდება, რომ რუსეთზე ეკონომიკურად უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს ჩვენი ქვეყანა, თორემ სხვა არაფერში ეს გზა არ გვჭირდება”, – ამბობს მაჭარაშვილი.