ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალი | რატომ ეწინააღმდეგებიან პროექტს

პუბლიკა

ადგილობრივი მოსახლეობა ნატახტარი-ჟინვალის მაგისტრალის მშენებლობას ეწინააღმდეგება. როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას ადგილობრივი ელგა კბილცეცხლაშვილი ამბობს, არცერთ ეტაპზე პროექტის შესახებ მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაცია არავის მიუწოდებია – არ იციან, როგორ მოხდა ალტერნატივების განხილვა და რა ნიშნით შეირჩა აღნიშნული მარშრუტი. მისივე ცნობთ, მოსახლეობა ღელავს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე, განსაკუთრებით სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხეზე, ვინაიდან საპროექტო არეალში GWP-ის წყალსადენიც ექცევა.

„არ ვიცით, რას გვიპირებენ, როგორ გვიპირებენ. მოსახლეობასთან არავინ მოსულა და არავინ გაგვსაუბრებია. საკვანძო ობიექტები თუ რამ არსებობს, ჩვენს სოფლებზე გადის – GWP-ის წყალსადენი, გაზსადენი, ნაკრძალი და ა.შ. ასევე სასაფლაოები. ყველაფერი არის აბანოსხევის ტერიტორიაზე და როგორ აპირებენ ამ ყველაფრის გვერდის ავლას, გადატანას. იქ ხალხი არ ვცხოვრობთ? უნდა გადაგვატარონ გაზის მილი? ან საერთოდ რას აპირებენ?“, – ამბობს ელგა.

სოციალურ ქსელში ასევე იძებნება პეტიცია აღნიშნული მშენებლობის წინააღმდეგ.

„ავტობანის მშენებლობით გამოწვეული ზიანის მასშტაბი უზარმაზარი, შეუქცევადი და მრავალმხრივი იქნება. მხოლოდ რამდენიმე მათგანის დასახელებაც კი საკმარისია შემაშფოთებელი პროგნოზისთვის – ქვემო არაგვის ხეობაში განთავსებული სასოფლო სამეურნეო მიწები ძლიერ დაბინძურდება; ხეობაში მოისპობა ეკოფერმერობის პერსპექტივა; სრულად განადგურდება ხეობის სოფლები. ავტობანი არა მხოლოდ შუაზე გახლეჩს სოფლებს, არამედ მათ ჩაუკეტავს მდინარე არაგვთან სოფლის მცხოვრებლებისთვის მისასვლელ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზას; მომავალი მოესპობა მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას, მათ შორის, საერთაშორისოდ კლასიფიცირებულ კულტურა „ჭოპორტულას“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

რა იგეგმება

მაგისტრალის მშენებლობა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე იგეგმება. ის ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოვლითი) გზის ნაწილის – ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთს წარმოადგენს.

სამი ალტერნატივიდან შერჩეული მონაკვეთის სიგრძე 26.78 კმ-ია. მაგისტრალის ზემოქმედების ქვეშ ექცევა დასახლებები: საგურამო, ჭოპორტი, აბანოსხევი, ბულაჩაური და ქუბრიანთკარი, ამის შემდეგ, გზა კვეთს მდინარე არაგვს და უვლის სოფელ არაგვისპირსა, ბიჩნიგაურებსა და ქვემო არანისს, სოფელ ჟინვალთან კი არსებულ გზას უერთდება.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ 2 152 პირი (652 კომლი) და 1 047 მიწის ნაკვეთი ექცევა. ფიზიკურ განსახლებას დაექვემდებარება 21 კომლი.

ამასთან, გზშ-ში აღნიშნულია, რომ პროექტი საქართველოს სახელმწიფოს მიერ წარმოებული გზების მოდერნიზაციის პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. პროექტის მიზანია ქვეყნის მთავარი მაგისტრალების მოდერნიზაცია/რეაბილიტაცია, მეზობელ ქვეყნებთან სატრანსპორტო მოძრაობისა და ტვირთების გადაზიდვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

რა წერია გზშ-ის ანგარიშში

შერჩეული ალტერნატივა კვეთს მდ.არაგვს, თეზამს, ახატნისხევს, აბანოსხევს, ცირდალისხევს (ჯამში 5 გადაკვეთა). გადის წყალსატევების 150-200 მ-ის დაშორებით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წყალსატევების სიახლოვეს/გადაკვეთისას და მდინარეების გადაკვეთებში მუშაობის დროს, სამუშაოს არასათანადო დაგეგმვისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ზემოქმედებას წყლის ხარისხზე (მაგ. სიმღვრივის მომატება, დაბინძურება მასალის, ნარჩენების არასათანადო მართვისას). ზემოქმედების რისკი ასევე არსებობს ბანაკისა და სხვა საპროექტო დროებითი ინფრასტრუქტურის არასათანადო განთავსების ადგილის შერჩევისას, რაც გასათვალისწინებელია მშენებელი კონტრაქტორის მიერ ტერიტორიის შერჩევის პროცესში და ამ ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისას. წყლის დაბინძურების რისკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არაგვი თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დაცული ტერიტორიის მიმდებარედ გამავალ მონაკვეთზე სატრანსპორტო ნაკადის ზრდა გააძლიერებს ცხოველთა სამყაროს შეშფოთების ხარისხს. სენსიტიური ჰაბიტატები საპროექტო დერეფანში არ ფიქსირდება.

ასევე აღნიშნულია, რომ გაზრდილმა სატრანსპორტო ნაკადმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს ამ ზონაში ხმაურის დონეზე. პროექტი ეხება 5 დასახლებულ პუნქტს.

ალტერნატივის 300-მეტრიან ბუფერში 6 ძეგლი ექცევა. მათგან ერთი პროექტის პოტენციური გავლენის ზონაშია. მარშრუტი გვერდს უვლის ბოდორნას გამოქვაბულებს, თუმცა არსებობს შემთხვევითი არქეოლოგიური აღმოჩენის შესაძლებლობა.

როგორ აფასებს პროექტს გარემოსდამცველი ორგანიზაცია

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, პროექტის გზშ-ის დოკუმენტი არ მოიცავს მთელი რიგი საკითხების შესახებ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენა სავალდებულოა გარემოსადცვითი შეფასების კოდექსისა და პროექტზე გაცემული სკოპინგის დასკვნის თანახმად.

ასე მაგალითად, არ არის წარმოდგენილი: მარშრუტის რეალური ალტერნატივები, სკოპინგის დასკვნის მიხედვით სავალდებულოდ წარმოსადგენი ინფორმაცია სამშენებლო ბანაკის შესახებ, მცენარეული საფრის მოხსნის სამუშაოების, გრუნტის სამუშაოების და სარეკულტივაციო სამუშაოების შესახებ, ინფორმაცია ინერტული მასალის მოპოვების შესახებ და პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სტაციონარული ობიექტების შესახებ და ა.შ.

მათივე თქმით, დოკუმენტის ნაკლოვანებების სია ვრცელია, თუმცა ყურადღებას  მათგან რამდენიმეზე გაამახვილებენ, რომელთა განხილვის გარეშეც შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება.

გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო დერეფანში ხვდება შემდეგი ინფრასტრუქტურა: GWP-ს მილსადენები და გვირაბები; ნავთობის და გაზის საერთაშორისო კორპორაციის გაზსადენი; „სოკარ ჯორგია“ გაზის მილსადენი; „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზები; საქართველოს მელიორაციის საკუთრებაში მყოფი დახურული და ღია ტიპის საირიგაციო არხები. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ამ ინფრასტრუქტურის პროექტის უშუალო ზემოქმედების ზონაში მოქცეული მონაკვეთების გადატანა იქნება საჭირო.

„მწვანე ალტერნატივა“ აღნიშნავს, რომ დანართში და არც გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია ამ ინფრასტრუქტურის გადატანის სამუშაოების შედეგად გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ.

„შესაბამისად, გამოდის, რომ პროექტის განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედება გარემოზე სრულად და სათანადოდ არ არის შეფასებული. ინფრასტრუქტურის გადატანის საკითხი არც ალტერნატივების განხილვისას არის გათვალისწინებული. საპროექტო არეალში მოხვედრილი ინფრასტრუქტურის გადატანა (გაზსადენი, ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ) პროექტის ისეთივე შემადგენელი კომპონენტია, როგორც თავად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამგვარად, აუცილებელია, რომ ინფრასტრუქტურის გადატანის პროექტების ალტერნატივები, ასევე, სათანადოდ იყოს განხილული“, – წერს ორგანიზაცია.

პროექტის საჭიროების დასაბუთება და ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი

ორგანიზაცია, რომელმაც გზშ-ის დოკუმენტი შეისწავლა, აღნიშნავს, რომ არც ალტერნატივების თავში და არც გზშ-ის ანგარიშის სხვა რომელიმე ნაწილში არაა შედარებული პროექტის განხორციელების შედეგად გარემოსთვის მიყენებული შეუქცევადი ზიანი/დანაკარგი და მიღებული სარგებელი.

ანგარიშში არც ის ფინანსური ხარჯებია დათვლილი, რომლებიც პროექტის განხორციელებისთვისაა საჭირო (განსახლება, კომპენსაციები, საპროექტო დერეფანში მოქცეული ინფრასტრუქტურის გადატანა და ა.შ) და არც ის სარგებელი, რომელსაც პროექტის განხორციელება მოიტანს.

შესაბამისად, ისინი წერენ, რომ კომპანიას არ აქვს ჩატარებული ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, რომელიც მას კანონით მოეთხოვება და რის გარეშეც შეუძლებელია პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთება.

ალტერნატივების განხილვა

ორგანიზაცია ამბობს, რომ გაურკვეველია, რატომ და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩა მრავალი ალტერნატივიდან გზშ-ის ანგარიშში მხოლოდ სამი ვარიანტი, რატომ არაა წარმოდგენილი დანარჩენი ალტერნატივები, თუკი ისინი მართლაც იყო შესწავლილი და რა ფაქტორების გათვალისწინებით (ეკონომიკური, გარემოსდაცვითი თუ სოციალური) ითქვა მათზე უარი.

მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ფაქტი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ალტერნატივებში წარმოდგენილია მხოლოდ ის ვარიანტები, რომლებიც ფინანსურად უფრო მომგებიანია პროექტის განმახორციელებლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვითი თუ სოციალური თვალსაზრისით ისინი სხვა ალტერნატივებთან შედარებით შესაძლოა ნაკლებად მიზანშეწონილი იყოს.

GWP-ის სანიტარული დაცვის ზონები

საპროექტო გზის არაერთი უბანი, საკმაოდ გრძელი მონაკვეთი გადის  GWP-ის თბილისის წყალმომარაგების ობიექტების (წყალსაცავების) სანიტარული დაცვის ზონებში.

საპროექტო გზის საკმაოდ ვრცელი  მონაკვეთი გადის უშუალოდ იმ წყალმომარაგების ობიექტების სანიტარული დაცვის ზონაში, რომლებიდანაც თბილისი მარაგდება სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლით, რაც ქმნის ამ ობიექტების საშიში ნივთიერებებით დაბინძურების ძალიან დიდ რისკს, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის მთელი თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

„პუბლიკამ” რესპონდენტების მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე შეკითხვებით მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს. მათი განცხადებით, ამ შეკითხვებზე პასუხი საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვას ექვემდებარება. „პუბლიკამ” ოფიციალურად მიმართა უწყებას და პასუხის მიღების შემთხვევაში მას დამატებით გაგაცნობთ.