რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა ომში ჩართვასთანაა კავშირში - ოხანაშვილი

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა ომში ჩართვასთან არის კავშირში. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, ასეთი მოთხოვნა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ომში ჩართვას უკავშირდება. მისი თქმით, ეს ოპოზიციის ინტერესშია.

„ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე, მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია. მათ სურთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.


პარტია „ლელო“ რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიამ განცხადება 2 აგვისტოს გაავრცელა.  პარტიაში ამბობენ, რომ უნდა დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ) და 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით.