რუსეთთან სავიზო პოლიტიკის გადახედვა ირაციონალურია - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთთან ამჟამინდელი სავიზო პოლიტიკა 2008 წლის ომის შემდეგ ამოქმედდა და შესაბამისად, ახლა უკრაინაში ომის გამო მისი შეცვლა და სავიზო რეჟიმის შემოღება ირაციონალურია.

„ის სავიზო პოლიტიკა, რაც მოქმედებს რუსეთთან მიმართებით საქართველოში, ამოქმედდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების პირობებში და დღემდე ძალაშია ეს პოლიტიკა.

ამ ომის გამო იმ პოლიტიკის შეცვლა, რომელიც ამოქმედდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, არის უბრალოდ ირაციონალური. წინა ხელისუფლებამ ჩვენი ომის შემდეგ აამოქმედა ის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებს დღემდე რუსეთთან“, – თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად „გარკვეული ხარისხით“ ყოველთვის იყო დამოკიდებული და ახლა დიდი, „მიზანშეუწონელი ზრდა“ არ ფიქსირდება.

რაც შეეხება ტურისტების დიდ ნაკადს, ირაკლი კობახიძის თქმით, ამ კუთხითაც მდგომარეობა საქართველოში წელს, პირველი ექვსი თვის განმავლობაში შემოვიდა დაახლოებით 240 000 ტურისტი, რაც მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია, ქვეყანაში კი მისი აზრით, მათგან მხოლოდ მეათედი იქნება ამჟამად.


რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის სავიზრო რეჟიმის შემოღებას „ლელო“ ითხოვს. პარტია ასევე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ) და 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით.

დღეს კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხებზე კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მარტი-ივნისში საქართველოში 6 419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც იმაზე 7-ჯერ მეტია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში. შედარებისთვის, 2022 წლამდე ერთ წელიწადში მაქსიმალური რაოდენობა – 1 180 კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა.

კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავი) იმპორტი გაიზარდა – 280%-ით. ფულადი გზავნილები კი 6.5-ჯერ გაიზარდა.