რუსი დეპუტატი: სააკაშვილის განაჩენი გაკვეთილი იქნება, პირველ რიგში, უკრაინული ხუნტისთვის

პუბლიკა

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ლეონიდ სლუცკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს გუშინდელი განაჩენით „მიიღო ის, რაც დაიმსახურა ქართველი ხალხის ინტერესების ღალატით დასავლეთის ინტერესების სასარგებლოდ“.

მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა „პიჯაკების საქმეზე“ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სხვა საქმეზე მას უკვე მისჯილი აქვს 6-წლიანი პატიმრობა, საიდანაც 3 უკვე მოიხადა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილს ციხეში კიდევ 6 წლის გატარება მოუწევს.

სლცკის თქმით, ეს განაჩენი „გაკვეთილი იქნება მათთვის, ვინც მზად არის, ივაჭროს სახელმწიფო სუვერენიტეტითა და რუსოფობიით“.

„ეს არის გაკვეთილი ყველასთვის, ვინც მზად არის, რუსოფობიით, სახელმწიფო სუვერენიტეტითა და დამოუკიდებლობით 30 ვერცხლად ივაჭროს. პირველ რიგში კი მთელი უკრაინული ხუნტისთვის, რომელსაც [ვოლოდიმირ] ზელენსკი ხელმძღვანელობს“. – თქვა რუსმა დეპუტატმა.

ლეონიდ სლუცკიმ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა USAID-იც.

„USAID-ის ამბავიც მრავლისმთქმელია – მილიონობით დოლარი დახარჯა საქართველოში ანტირუსული დასაყრდენის შესაქმნელად ამიერკავკასიაში, მაგრამ ქართველი ხალხი გაცილებით ბრძენი აღმოჩნდა. კორუმპირებული მთავრობა ისტორიის ნაგავსაყრელზე გადააგდეს და მისი ლიდერები მაქინაციებისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ჩასხდნენ საკნებში“. – თქვა მან.