ალექსეი ნავალნის ომსკის საავადმყოფოდან გერმანიაში გადასაყვანად სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი გერმანიიდან რუსეთისკენ მიემართება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ომსკის საავამდმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კრიტიკული და არასტაბილურია გერმანიაში გადაყვანისთვის. BBC-ის ცნობით, რუსი ექიმები აცხადებენ, რომ გერმანიაში ნავალნის გადაყვანის უფლებას არ მისცემენ.
ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში ამ გაწყვეტილებას აღიქვამს, „პირდაპირ საფრთხედ ნავალნის სიცოცხლისთვის“.
როგორც BBC წერს, რუსეთში გაგზავნილ თვითმფრინავში იმყოფებიან სპეციალისტები და აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურით.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თავშესაფარი და სამედიცინო დახმარება შესთავაზეს.
„მას ჩვენგან შეუძლია მიიღოს ყველანაირი დახმარება, მათ შორის სამედიცინო“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
გუშინ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება ალექსეი ნავალნის საზღვარგარეთ გადაყვანაში. პესკოვმა მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
რუსი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი, ბლოგერი, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ალექსეი ნავალნი ომსკის საავამდყოფოში კომაში იმყოფება.
ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ალექსი ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს, რადგან მას დილით მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული. ექიმები ამბობენ, რომ ტოქსინები ცხელ სითხეში სწრაფად შეიწოვება. ალექსეი ახლა უგონო მდგომარეობაშია“, – განაცხადა პრესმდივანმა.